უორენ ბაფეტის Berkshire-ის ნაღდი ფულის მარაგმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

უორენ ბაფეტის Berkshire-ის ნაღდი ფულის მარაგმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მილიარდერი ინვესტორის, უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის ნაღდი ფულის მარაგმა რეკორდულ $157 მილიარდს მიაღწია. მიზეზი, კონგლომერატის აქციების ფასების მატებასთან ერთად, Berkshire-ის საოპერაციო მოგების ზრდაა მაშინ, როდესაც მისი მილიარდერი თანამდებობის პირები ახალ, პოტენციურ მსხვილ შესყიდვებს განიხილავენ. ანგარიში შაბათს დილით გასაჯაროვდა.

Berkshire-მა, რომელსაც შვილობილი კომპანიების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს, სადაზღვევო გიგანტ Geico-თი დაწყებული, ნაყინის მწარმოებელ ქსელ Dairy Queen-ით დასრულებული, მესამე კვარტალში (30 სექტემბერს დასრულებული) $10.76 მილიარდის საოპერაციო მოგება გამოაქვეყნა – 40.6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის $7.65 მილიარდთან შედარებით.

მილიარდერის კონგლომერატის ნაღდი ფულის მარაგმა კი გასული კვარტალის ბოლოს $147.4 მილიარდს მიაღწია და კომპანიის წინა რეკორდი, 2021 წლის მესამე კვარტალის $149.2 მილიარდი გააუმჯობესა.

კომპანიის შედეგიანობა ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდასთან ერთად უმჯობესდება, ხოლო მისი მზარდი ნაღდი ფულის მარაგი კონგლომერატს მსხვილი შესყიდვების განხორციელების საშუალებას მისცემს. Berkshire-ის ვიცე-თავმჯდომარე ჩარლი მანგერის განცხადებით, ბაფეტის ხელმძღვანელობით, მსხვილი შენაძენების შანსი „სულ მცირე, 50/50-ზეა“.

პარალელურად, 2023 წლის მესამე კვარტალში Berkshire Hathaway-ის საინვესტიციო ზარალმა $23.5 მილიარდს მიაღწია, რაც ძირითადად Apple-ის აქციების ფასის კვარტალური ვარდნის მიზეზით მოხდა. თუმცა 30 სექტემბრის შემდეგ Apple-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით აღდგა, ხოლო მიმდინარე წელს აქციების ღირებულების ზრდამ 41% შეადგინა. Berkshire-ი კომპანიაში მცირე წილს ფლობს.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, 93 წლის ბაფეტის ქონების წმინდა ღირებულება $117.5 მილიარდს უტოლდება და ის მსოფლიოში მეხუთე უმდიდრესი ადამიანია. ამერიკელი ინვესტორი სიცოცხლის განმავლობაში ქონების 99%-ის ქველმოქმედებისთვის გაღებას გეგმავს.