მილიარდერ უორენ ბაფეტის კონგლომერატის, Berkshire Hathaway-ის კვარტალურმა საოპერაციო მოგებამ, მისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სააქციო პაკეტებიდან მიღებული შემოსავლის წყალობით, Berkshire-ის საერთო მოგება $36 მილიარდამდე გაიზარდა.
Berkshire-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, კონგლომერატის საოპერაციო მოგება კვარტალში 7%-ით, $10.04 მილიარდამდე გაიზარდა. წმინდა შემოსავალმა კი $35.91 მილიარდი შეადგინა მაშინ, როდესაც 2022 წლის მეორე კვარტალში, ჰოლდინგმა $43.62 მილიარდი იზარალა. გარდა ამისა, Berkshire-მა კვარტალში $1.4 მილიარდის აქციებიც გამოისყიდა. შედეგად, კონგლომერატის ნაღდი ფულის მარაგი, სამი თვის წინანდელი $130.6 მილიარდიდან, $147.4 მილიარდამდე გაიზარდა.
მზარდი საპროცენტო განაკვეთებისა და დივიდენდების გაცემის, ისევე როგორც მანქანების სადაზღვევო კომპანია Geico-ს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდით, Berkshire-ის სადაზღვევო კომპანიის მოგება, 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 38%-ით გაიზარდა. კონგლომერატში, Geico-ს პოზიტიურ შედეგებს, მზარდ პრემიებსა და რეკლამის შემცირებასაც უკავშირებენ.
შედეგად, Berkshire-ის მთლიან მოგებაში შემცირდა სხვა ბიზნესების წილი. მაგალითად, სამომხმარებლო საქონლის გადაზიდვის შემცირებისა და სატვირთო მრეწველობის ფასებთან გაზრდილი კონკურენციის ფონზე, Berkshire-ის უმსხვილესი ბიზნესის, BNSF-ის რკინიგზის წილმა, საერთო მოგებაში 24%-ით იკლო.
ინვესტორებისთვის კი, ბაფეტის რეპუტაციიდან გამომდინარე, Berkshire-ის შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან კონგლომერატის ათობით მოქმედი ერთეულის შედეგები ხშირად ფართო ეკონომიკურ ტენდენციებს ასახავს. კონგლომერატში შედის Berkshire Energy, რამდენიმე ინდუსტრიული კომპანია და ისეთი ბრენდები, როგორიცაა Dairy Queen-ი, Duracell-ი, Fruit of the Loom-ი და See’s Candies-ი.
Forbes-ის შეფასებით, 92 წლის უორენ ბაფეტის ქონება მოცემული დროისთვის $117.5 მილიარდს უტოლდება. ამ სიმდიდრით ის ამერიკული გამოცემის მილიარდერების რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.