მილიარდერმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის $27 მილიონის ღირებულების აქციები ქველმოქმედებისთვის გაიღო. შეგახსენებთ, 92 წლის ამერიკელი ფილანთროპი, თავისივე ცხოვრების განმავლობაში, ქონების 99%-ზე მეტის საქველმოქმედო მიზნებისთვის გაცემას გეგმავს.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარდგენილი განაცხადის თანახმად, ბაფეტმა Berkshire-ის “A” კლასის 50 აქცია გაიღო. შემოწირულება, რომლის ადრესატიც უცნობია, 15 აგვისტოს განხორციელდა, მაშინ, როდესაც მილიარდერის კომპანიის აქციების ღირებულება, $538,107-ს უტოლდებოდა.
ცნობისთვის, აღნიშნული ქველმოქმედება განცალკევებულია “ბილ და მელინდა გეიტსების ფონდისთვის” განკუთვნილი ყოველწლიური შენატანებისგან და არც თავად ბაფეტის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ოთხ საქველმოქმედო ორგანიზაციას უკავშირდება. ამერიკელმა ინვესტორმა 2006 წლის შემდეგ მათ $51 მილიარდზე მეტი შესწირა.
უორენ ბაფეტი ჯერ კიდევ ფლობს Berkshire-ის “A” კლასის 218,237 აქციას და Omaha-ს 15%-იან წილს – კონგლომერატი, რომელსაც 1965 წლიდან ხელმძღვანელობს. ბოლო მონაცემებით, Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, ბაფეტი, $118 მილიარდით, მეხუთე პოზიციას იკავებს.
Berkshire-ი რამდენიმე ათეულ ბიზნესს ფლობს, მათ შორის BNSF-ის რკინიგზას, Geico-ს ავტომობილების დაზღვევის ფირმას, კომპანიებს ენერგეტიკულ, მრეწველობისა და საცალო ვაჭრობის სექტორებში. 30 ივნისის მდგომარეობით, Berkshire-ის საკუთრებაშია $353 მილიარდზე მეტის აქციები, მათი ნახევარი iPhone-ის მწარმოებელი Apple-ში.