ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული მერილინ მონროს პორტრეტი, სახელწოდებით „Shot Sage Blue Marilyn“ ნიუ-იორკში გამართულ Christie’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 195 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი თანხაა, რაც კი აუქციონზე ოდესმე გატანილ ამერიკელი ხელოვანის ნამუშევარში გადაუხდიათ.
აუქციონის გამართვამდე Christie’s-მა მონროს პორტრეტი $200 მილიონად შეაფასა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. სააუქციონო სახლის ინფორმაციით, ამაზე მაღალი შეფასება დღემდე აუქციონზე გამოჩენილ არცერთ ნამუშევარს არ დაუმსახურებია.
თავისთავად, „Shot Sage Blue Marilyn“-მა რეკორდი ენდი უორჰოლის ნამუშევრებს შორისაც მოხსნა. ამერიკელი ხელოვანის მიერ შესრულებულ, აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირად ღირებულ ხელოვნების ნიმუშად ამ დრომდე „Silver Car Crash (Double Disaster)“ მიიჩნეოდა. ის 2013 წელს 105.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
„Shot Sage Blue Marilyn“ 1964 წელსაა შესრულებული. ხელოვანმა პორტრეტის შესაქმნელად მერილინ მონროსთვის გადაღებული ფოტო გამოიყენა 1953 წლის ფილმიდან „ნიაგარა“. „Shot Sage Blue Marilyn“ ენდი უორჰოლის ნამუშევრების სერიაში „Shot Marilyns“ შედის.
დატოვე კომენტარი