ფილმების ონლაინ ბაზა IMDb ინტერნეტის მათუსალაა – IMDb 1993 წელს შეიქმნა, როცა ჯერ არ არსებობდა ფეისბუკი, იუთუბი, გუგლი და იაჰუც კი. დღეისთვის საიტზე მილიონობით მომხმარებელია, რომლებიც საკუთარი თაგვით აფასებენ ყველა დროისა და ჟანრის ფილმებს, ულმობელი ათბალიანი სისტემით.
IMDb-ის საშუალო ქულები შესაძლოა ბევრს არ ნიშნავდეს გამორჩეული კინომანებისთვის, მაგრამ ამ ქულების უკან ხშირად მეტი ადამიანია, ვიდრე მსოფლიოს უდიდეს სოციოლოგიურ კვლევებში. ყველაზე მეტჯერ შეფასებული ფილმები – “გაქცევა შოუშენკიდან“ და “ბნელი რაინდი“ – ორ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა შეაფასა.
სანამ კოვიდ-19-ის მძვინვარების ჩაცხრობას ველოდებით, ჩვენი ბმა ყველანაირ ბრტყელ მანათობელ ზედაპირებთან კიდევ უფრო გაზრდილია. ანუ კარგი დროა, ახალ-ახალი კუთხით შევხედოთ მარადიულ დილემას – რისი ყურება ღირს და რატომ. ზუსტად ამიტომ ჩვენ შევისწავლეთ ათასზე მეტი ფილმი, რომელთაგან თითოეული IMDb-ს 50,000-ზე მეტ მომხმარებელს აქვს შეფასებული. და ეს გავაკეთეთ უჩვეულო კუთხით: კერძოდ, რომელი ფილმებია ბევრად პოპულარული ქალებში, ვიდრე კაცებში; კაცებში, ვიდრე ქალებში; ახალგაზრდებში, ვიდრე მოხუცებში. შესაძლოა, ჩვენმა სიებმა მორიგი არჩევანის ჩიხიდან გამოგიყვანოთ, მოგაშლევინოთ ნერვები მეორე ნახევრისთვის, ან უბრალოდ გაგართოთ.
რაც უფრო უყვართ უფროსებს
უფროსი მომხმარებლების ტოპ-ხუთეული არ შეგვიდგენია, თუმცა ეიჯიზმი აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, პოპულარულ ფილმებს შორის არ აღმოჩნდა არც ერთი, რომელიც მაღალი ას აკობრივი კატეგორიების მომხმარებლებმა ბევრად დადებითად შეაფასეს, ვიდრე ყველა დანარჩენმა (0.5-ზე მცირე განსხვავებები ტოპ- ხუთეულისთვის საკმარისად არ ჩავთვალეთ). შეიძლება ეს დაღვინებული ასაკის სკეპტიციზმს დავუკავშიროთ, თუმცა მომავალში გავაგრძელებთ მონაცემებში ჩაღრმავებას და რამეს აუცილებლად მოვძებნით. მანამდე კი შეიძლება არ იყოს ცუდი ცოტა ხნით სამყაროსთვის ტინეიჯერების თვალით შეხედვა.
რაც უფრო უყვართ ქალებს
ხაზი უნდა გავუსვათ – ეს არაა უბრალოდ ფილმები, რომლებმაც ქალებისგან მაქსიმალური შეფასებები მიიღო. ეს ის ფილმებია, რომელთა შეფასებაშიც ყველაზე დიდი სხვაობა იყო ქალების და კაცების აზრს შორის. ერთი დათქმით: ტოპ-ხუთეულში არ შეგვყავს სურათები, რომლებმაც ქალებისგან საშუალოდ 6.5-ზე დაბალი ქულა მიიღო – იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაცებს ბევრად ნაკლებად მოეწონათ. ჩვენი მიზანი არ იყო საუკეთესო ფილმების ხუთეულების შექმნა, მაგრამ არც ყველასათვის საძულველის.
სიის სათავეში ტერი ჯორჯის “დაპირებაა” – ფილმი ოსმალეთის იმპერიის პერიოდის სასიყვარულო სამკუთხედზე, რომელიც მთელი 3 ქულით მეტად დაფასებულია ქალებში, ვიდრე კაცებში. აი, თურმე რა სურთ. ფემინურ ტოპ-ხუთეულში ყველაზე მოულოდნელი ჩემთვის “მოჩვენებებზე მონადირეების” აღმოჩენა იყო. განუდევნელი სტერეოტიპები თუ რამეს მეუბნებოდა, ნიუ-იორკის ქუჩებში პარანორმალური არსებების დევნა უფრო ბიჭების თემა უნდა ყოფილიყო. “სექსს დიდ ქალაქში” და „ბინძურ ცეკვებს” ალბათ განხილვა არ სჭირდება. აი, მეხუთე ადგილზე გასული “ჰოკუს პოკუსის” ფოკუსი სავარაუდოდ მასში ახალგაზრდა სარა ჯესიკა პარკერის თამაშია.
რაც უფრო უყვართ კაცებს
გავიმეოროთ, რაც ვთქვით ქალური სიის შემთხვევაში: ეს არაა კაცებში ყველაზე პოპულარული ფილმები – ეს ის ფილმებია, რომლებიც კაცებს უფრო უყვართ, ვიდრე ქალებს.
ქალებს ალბათ გაახარებთ სიმბოლიზმი – ფილმი, რომელიც ყველაზე დიდი უპირატესობით სარგებლობს კაცებში: “ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი“. კაცურ სიაში მეორე ადგილიც ძმები ფარელიების რეჟისურისაა – ან კემერონ დიაზის შარმის, რომელზეც ყველა გიჟდება. მესამე პოზიცია ქალებს კიდევ ერთხელ ბოროტად ჩააცინებს – „მეზობელი გოგონა” არის ფილმი ამბიციურ სტუდენტზე, რომელსაც უყვარდება მეზობლად დასახლებული პორნოვარსკვლავი. სხვას აბა, რას შეიძლება ელოდე კაცისგან. სამაგიეროდ, მეოთხეზე კაცურებში “გამაოგნებელი სიყვარულია“, რომელიც ალბათ ყველაფერს სჯობია, რაც ქალების სიაშია. თუნდაც იმიტომ, რომ პოლ თომას ანდერსონისაა. ოღონდ სიუჟეტს აღარ ჩავუღრმავდები. ჯამში მაინც ყველა კაცი ერთნაირია.
რაც უფრო უყვართ ტინეიჯერებს
ტინეიჯერებთან ყველაფერი მარტივადაა: რა უყვართ სხვებზე მეტად? კომიქსის ეკრანიზაცია, კომიქსის ეკრანიზაცია, კომიქსის ეკრანიზაცია და კიდევ ერთი კომიქსის ეკრანიზაცია. ერთადერთი გამონაკლისი და მოულოდნელობა ამ ტოპ-ხუთეულში არის ტარანტინოს “ერთხელ ჰოლივუდში“. თუმცა ეკრანიზაციაცაა და ეკრანიზაციაც: ჯოკერიც აქაა და არაა გამორიცხული, ტინეიჯერებს უკვე მეტი გაეგებოდეთ კინოში, ვიდრე უფროს დეიდებს და ბიძიებს.
რაც უფრო უყვართ ახალგაზრდებს
ყველაზე სერიოზული კინოს ხუთეული ალბათ მაინც იმ ფილმებისგან გამოვიდა, რომლებიც 18-29 წლისებს უფრო უყვართ, ვიდრე მათზე დიდებს და პატარებს. აქაა პოლ თომას ანდერსონის შედევრი “ოსტატი“, ტერენს მალიკის ტიტულოვანი “სიცოცხლის ხე“, კრიტიკოსების აღიარებული “მოჩვენების ისტორია“ და ერთიც დესერტად – დარენ არონოფსკის ტრილერი “დედა“.
დატოვე კომენტარი