USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერეს განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვით USAID-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონი აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს. ახალი შეთანხმების საფუძველზე USAID/საქართველო დაიწყებს 2020 წლის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის სრულად განხორციელებას. ახალი სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას, რომელიც განაპირობებს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნას.
„არსებული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამასთანავე, ორიენტირებულია USAID-ის მიზანზე, საქართველოში ითანამშრომლოს ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს როგორც კერძო, ასევე საჯარო პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ და დავაფინანსებთ საქართველოს განვითარების წინაშე არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და მმართველობით გამოწვევებს“. – განაცხადა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა: “მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას და ხალხს საქართველოს განვითარების მხარდაჭერისათვის. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში არსებულ სტრატეგიულ განვითარებას. ეს თანამშრომლობა გადამწყვეტი იყო დამოუკიდებლობის მიღების პირველ წლებში და ასეთივე მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემთხვევაშიც. დარწმუნებული ვარ, რომ განვითარების მიზნების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“.
განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმება ასახავს USAID-ის ვალდებულებას, პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს, რათა ქვეყანამ გადალახოს მის წინაშე არსებული მდგრადი განვითარების გამოწვევები, მათ შორისაა მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში და რეგიონებში მდგრადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა.