აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევრებმა უსინათლო ადამიანებისთვის თვითნავიგაციის სისტემით აღჭურვილი ჭკვიანი ხელჯოხი შექმნეს, რომელიც მხედველობადაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამ დროისთვის მოწყობილობის ფასი 400 აშშ დოლარია.
ჭკვიანი ხელჯოხი ავტომობილებში გამოყენებული ავტონომიური მართვის სისტემის მიხედვით შეიქმნა. ის უსინათლოებს წინაღობების აღმოჩენასა და მათთვის თავის არიდებაში, ასევე ობიექტების გარშემო მარტივად მანევრირებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ხელჯოხს როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში დამოუკიდებლად ნავიგაცია შეუძლია. ის გადაწყვეტილებების მიღებისას ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა.
როგორც ცნობილია, ხელჯოხის წონა 1,4 კილოგრამს არ აღემატება. ამ დროისთვის ბაზარზე არსებული ამავე დანიშნულების მქონე სენსორებიანი მოწყობილობები გაცილებით მეტს იწონიან. მათგან ყველაზე მძიმე დაახლოებით 22-კილოგრამიანია. გარდა ამისა, ახალი ხელჯოხისგან განსხვავებით, ამ ხელსაწყოებს მხოლოდ მომხმარებლის წინ და უკან მდებარე ობიექტების დაფიქსირება შეუძლიათ. განსხვავება თვალსაჩინოა ღირებულების თვალსაზრისითაც. ამჟამად გასაყიდად გამოტანილი ხელჯოხებიდან ყველაზე ძვირად ღირებული 6 ათას აშშ დოლარად ფასობს.
ამერიკელ მკვლევართა მიერ დამზადებულ ჭკვიან ხელჯოხში LIDAR-სენსორია ჩამონტაჟებული. ეს ლაზერზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა, რომელსაც თვითმავალ ავტომობილებსა და თვითმფრინავებში ვხვდებით. მისი დახმარებით ახლომდებარე დაბრკოლებამდე თუ ობიექტამდე არსებული მანძილის განსაზღვრაა შესაძლებელი. ხელჯოხი ასევე GPS-სენსორით, აქსელერატორით, მაგნიტომეტრით და გიროსკოპით არის აღჭურვილი. ისინი მომხმარებლის მდებარეობას, მისი გადაადგილების სიჩქარესა და მიმართულებას, ასევე სხვა მონაცემებს აკონტროლებენ.
სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ახალი მოწყობილობა მსოფლიოში მცხოვრები 250 მილიონზე მეტი უსინათლო ადამიანისთვის გამოსადეგი იქნება.
დატოვე კომენტარი