ლონდონი, პარიზი და რომი, რომლებიც უძველესი ისტორიის და კულტურის მქონე ევროპული დედაქალაქებია, ექსპატებს, ანუ უცხოელ მაცხოვრებლებს უკვე აღარ უყვართ.
Bloomberg-ის ცნობით, გლობალურ გამოკითხვაში, რომელშიც 15 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა 173 ქვეყნიდან, ლონდონმა, პარიზმა და რომმა დაბალი ქულები მიიღო უცხოელებისთვის საცხოვრებლად საყვარელი ქალაქების რეიტინგში.
InterNations-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უცხოელებს, რომლებიც ამ სამ ქალაქში ცხოვრობენ, არ მოსწონთ იქ არსებული ჯანდაცვის სისტემა, მუშაობისა და პირადი ცხოვრების ბალანსის კუთხით არსებული პრობლემები, ასევე აწუხებთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
“ექსპატები დიდ ქალაქებში, მაგალითად ნიუ-იორკში, ტოკიოში, პარიზში, ჰონ-კონგსა თუ ლონდონში იტანჯებიან ხელსაყრელი საცხოვრებლის ქირაობის გამო და უკმაყოფილოები არიან ძირითადად ფინანსური ვითარების გამო“, – განაცხადა InterNations-ის დამფუძნებელმა მალტე ზეეკმა.
ექსპატებმა ვალენსიას – ესპანეთის სიდიდით მესამე ქალაქს, მსოფლიოში უმაღლესი ქულა მიანიჭეს იქ არსებული კლიმატის, საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის და ჯანდაცვის სისტემის გამო. მეორე ადგილასაც ესპანური ქალაქი – ალიკანტე გავიდა. ათეულში კიდევ ორი ესპანური ქალაქი მოხვდა, მალაგა – მე-6 ადგილზე, ხოლო მადრიდი მე-9 ადგილზე. ათეულში შემავალ სხვა ქალაქებს რაც შეეხება, ესენია: ლისაბონი, პანამა-სითი, სინგაპური, ბუენოს-აირესი, კუალა-ლუმპური და აბუ-დაბი.
66 ქალაქს შორის, ლონდონი 51-ე ადგილზეა, ნიუ-იორკი 34-ზე. ექსპატები დიდ ქალაქებში უფრო მეტ კარიერულ შესაძლებლობებს ასახელებენ, თუმცა, ხარჯებთან დაკავშირებით, ისინი უკმაყოფილოები არიან. ბუნებრივია დიდ ქალაქებში ცხოვრება გაცილებით ძვირია.
დატოვე კომენტარი