ქართულ უნივერსიტეტებში დღეს 14 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ეს რიცხვი მუდმივად იზრდებოდა და საინტერესოა, რომ პანდემიის პერიოდშიც კი თითქმის ათი პროცენტით გაიზარდა. ძალიან ცოტა რამ იყო, რაც იზრდებოდა პანდემიის დროს და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ სექტორს ზრდის მყარი პოტენციალი აქვს.
უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უმნიშვნელოვანესია ქართული უმაღლესი განათლების სექტორისთვის, პირველ რიგში ფინანსური კუთხით, რაც აუცილებლად მოიტანს ხარისხობრივ განვითარებასაც. საქმე ისაა, რომ უცხოელი სტუდენტები ბევრად მეტს იხდიან, ვიდრე ადგილობრივები. თუ ადგილობრივი სტუდენტი იხდის წლიურად 2250 ლარიდან 8000 ლარამდე, უცხოელი სტუდენტისთვის სწავლის გადასახადი 5-6 ათასი აშშ დოლარია. უცხოელი სტუდენტები, ცხადია, მნიშვნელოვანია კერძო უნივერსიტეტებისთვის, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო, მაგრამ ისინი ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, რომლებსაც უბრალოდ უფლება არა აქვთ, რომ ქართველ სტუდენტს 2250 ლარზე მეტი გადაახდევინონ, უცხოელებისთვის კი ეს შეზღუდვა არ მოქმედებს.
უცხოელი სტუდენტები კერძო უნივერსიტეტებისთვის მაინც უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ მათი რაოდენობა კერძო სასწავლებლებში ბევრად სწრაფად იზრდება. 2005 წელს სულ 144 უცხოელი სტუდენტი გვყავდა, აქედან 123 (85%) სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობდა, მხოლოდ 2014-15 წლებში გადაასწრეს კერძოებმა და დღეისათვის უცხოელი სტუდენტების ორ მესამედზე მეტი სწორედ კერძო უნივერსიტეტებზე მოდის. უცხოელების ნახევარზე მეტი (53%) ინდოეთიდან გვყავს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი (6%) და მესამეზე – ისრაელი (5%), პირველ ათ ქვეყანაზე მოდის უცხოელი სტუდენტების 86%. საერთაშორისო სტუდენტების უდიდესი ნაწილი (80%) საქართველოში ძირითადად მედიცინის პროგრამებზე სწავლობს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ეს კარგია, რადგან სამედიცინო განათლება ყველაზე ძვირია.
ეს ყველაფერი მხოლოდ უმაღლესი განათლებისთვის, როგორც ერთი კონკრეტული სექტორისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ეს ასევე მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის. სხვადასხვა შეფასებით, უცხოელი სტუდენტი საქართველოში წელიწადში ხარჯავს დაახლოებით $8000-ს, რაც მიმდინარე წლისთვის დაახლოებით 375 მილიონ ლარს ნიშნავს და ეს, თავის მხრივ, ეკონომიკის დაახლოებით 0.75%-ს შეადგენს. თითქოს არც ისე დიდი რიცხვია, მაგრამ საქართველოს ამ მიმართულებით ნამდვილად აქვს ზრდის პოტენციალი და საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის გაზრდა 50 000-მდე შეუძლია, აქედან მიღებული შემოსავალი კი ქართული ეკონომიკის 2%-ზე მეტია. ეს სინამდვილეში უზარმაზარი რიცხვია, რადგან ამ ქვეყანაში არ არის ბევრი სფერო, რომელსაც ქართული ეკონომიკისთვის ამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა საგანმანათლებლო სექტორზე მთლიანად, არამედ მხოლოდ უცხოელ სტუდენტებზე და მათ როლზე. ამხელა შემოსავლის გენერირება ეკონომიკისთვისაც კარგია, რაც უნივერსიტეტებს კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალებას მისცემს – შექმნიან ახალ, საერთაშორისოდ აკრედიტებულ, უფრო ხარისხიან (და უფრო ძვირად ღირებულ) პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მობილიზებას როგორც მათთვის, ასევე ქართული ეკონომიკისთვის.
საქართველოს შეუძლია გახდეს განათლების ჰაბი რეგიონში და მოიზიდოს უფრო მეტი სტუდენტი. საგულისხმოა, რომ დღეს პრაქტიკულად არ გვყავს სტუდენტები მეზობელი სომხეთიდან. საქართველოს ასევე შეუძლია გარკვეულწილად იტვირთოს ტრანზიტული ფუნქცია განათლების კუთხითაც – ორმაგი აკრედიტაციის, ორმაგი ხარისხის პროგრამები საშუალებას მოგვცემს, რომ სტუდენტებმა, მაგალითად, ინდოეთიდან და ჩინეთიდან (ეს უდიდესი პოტენციალის მქონე ბაზარი ჯერჯერობით საერთოდ აუთვისებელია) ორი წელი ისწავლონ საქართველოში, შემდეგ ერთი წელი (წლები შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე) – დასავლეთ ევროპის ან ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში და მიიღონ ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. ეს უცხოელ სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გააკეთონ გარკვეული ეკონომია, რადგან საქართველოში ცხოვრება შედარებით იაფია და მიიღონ იმავე ხარისხისა და აღიარების განათლება, რასაც მიიღებდნენ სრულად დასავლეთში სწავლისგან. ქართული უნივერსიტეტებისთვის და ეკონომიკისთვის ეს დამატებითი შემოსავალი იქნება.
მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მთავრობის მიერ დაწესებული არალოგიკური შეზღუდვები, რაც აფერხებს უცხოელი სტუდენტების შემოსვლას საქართველოში და ასევე რთული ბიუროკრატიული პროცედურები, რაც დაკავშირებულია პროგრამულ აკრედიტაციებთან და ავტორიზაციებთან. სასურველია, რომ სახელმწიფო ამ მხრივ მეტად მოქნილი და გახსნილი იყოს. ამ სფეროში, როგორც თითქმის ყველგან, ძალიან დიდი კონკურენციაა, მათ შორის – ჩვენს სამეზობლოში. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევძლოთ იმ ფუნქციების ჩვენს თავზე აღება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.
ეს ჩვენი ყველას ინტერესია.
დატოვე კომენტარი