უახლოეს მომავალში უზბეკეთში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 550-ზე მეტი აქტივის გაყიდვაა დაგეგმილი. აღნიშნული ინფორმაცია ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „სახელმწიფო რესურსების ტრანსფორმაცია და პრივატიზაცია უზბეკეთში: ეკონომიკური რეფორმის ახალი ეტაპი“ გაჟღერდა.
„დღეს უზბეკეთში პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ორგანო, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ფლობენ სხვადასხვა სახელმწიფო აქტივს, მათ შორის 2,541 აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა… ეკონომიკაში ამ მოცულობით სახელმწიფოს მონაწილეობა ხელს უშლის კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. პრივატიზაციის გარეშე წარმოუდგენელია მოვიპოვოთ შიდა და გარე ინვესტორების ნდობა“ – განაცხადა კონფერენციაზე სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს დირექტორმა, აკმალხონ ორტიკოვმა.
მისი თქმით, პრივატიზაციისთვის მომზადებულია ისეთი კომპანიები, როგორიცაა კოკა-კოლა, უზბეკეთის აგროექსპორტბანკი, პოიტახტ ბანკი, სადაზღვეო კომპანია კაფოლატი, სამრეწველო კომპანიები კვარცი, ტრესტ-12, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოები და ა.შ.
აღნიშნული აქტივების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისთვის სახელმწიფოს დაქირავებული ჰყავს საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები KPMG, Deloitte, PwC და Grant Thornton.
ორტიკოვის განცხადებით, დღეს უზბეკეთში სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკაში ძალიან მაღალ მაჩვენებელზეა და 55%-ს უტოლდება. მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი სამხრეთ კორეაში 22%, გერმანიაში 18%, აშშ-ში 11%, ხოლო იაპონიაში 5%-ის ტოლია.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში ხელისუფლების მიერ დამტკიცებული ეკონომიკური რეფორმის გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის უზბეკეთში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივების რაოდენობა 75%-ით უნდა შემცირდეს.
დატოვე კომენტარი