კალიფორნიაში დაარსებულმა სტარტაპმა, რომლის თანადამფუძნებელი Varda Space Industries-ია, ორბიტაზე თავისი პირველი თანამგზავრი, W-Series 1 წარმატებით განათავსა. კომპანიის მიზანი კოსმოსში ისეთი ტიპის მასალების წარმოებაა, რომელთა დამზადებაც დედამიწაზე შეუძლებელია, ანდაც მიკროგრავიტაციის პირობებში უფრო სწრაფად და ხარისხიანადაა შესაძლებელი.
Varda-ს თანამგზავრის გაშვება ორგანიზაციის სატესტო კამპანიის ნაწილია და კოსმოსში ფარმაცევტული საშუალებების შესაქმნელად, კომპანიის სატელიტის ვარგისობის დასადგენად ხორციელდება. კომპანიის მიზანი კოსმოსში სხვადასხვა მასალის მასობრივი წარმოების დაწყებაა: „მძლავრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით დაწყებული, ფარმაცევტული საშუალებებით დასრულებული, დღეს დედამიწაზე პროდუქტების დიდი ასორტიმენტი გამოიყენება, რომელთა წარმოებაც კოსმოსშია შესაძლებელი“, – ვკითხულობთ Varda-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Varda-ს პროექტი სამეცნიერო კვლევას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, კოსმოსში წარმოებული ცილის კრისტალები ბევრად უფრო სრულყოფილ სტრუქტურებს ქმნიან, ვიდრე დედამიწაზე წარმოქმნილნი, სადაც ფორმირების პროცესზე გრავიტაცია უარყოფით გავლენას ახდენს. ფარმაცევტული ფირმა Merck-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული კვლევით, მიკროგრავიტაციაში, კიბოს წამალ Keytruda-ში გამოყენებადი აქტიური ინგრედიენტის, პემბროლიზუმაბის უფრო სტაბილური ვერსიის მიღებაა შესაძლებელი.
Varda-ს პირველი მისია „რიტონავირის“ კოსმოსური განვითარების კვლევაზე იქნება ორიენტირებული – წამალი, რომელიც ტრადიციულად აივ-ის სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა ბოლო პერიოდში, Covid-19-ის სამკურნალოდ შექმნილ ანტივირუსულ მედიკამენტ „პაქსლოვიდშიც“ იყო წარმოდგენილი.