გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქამდე აუქციონებზე გატანილი ერთ-ერთი უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტი, 8 ნოემბერს, Christie’s-ის აუქციონზე შესაძლოა, $35 მილიონად გაიყიდოს.
ჟენევაში მდებარე სააუქციონო სახლის სამკაულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ძვირფასი ქვა, რომელსაც „Fortune Pink“-ს უწოდებენ, 18.18 კარატს იწონის. როგორც ირკვევა, ბრილიანტით დაინტერესება უკვე თითქმის მთელი მსოფლიოდან გამოითქვა.
Christie’s-ის წარმომადგენლების განმარტებით, „Fortune Pink“-ის ღირებულებას მისი იშვიათი ფერი, ფორმა და წარმომავლობა განსაზღვრავს. სხვადასხვა პროგნოზით, ბრილიანტის გასაყიდმა ფასმა შესაძლოა 25-დან 35 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინოს.
ცნობისთვის, Christie’s-ის აუქციონზე აქამდე გაყიდული უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტი 18.96 კარატს იწონიდა. აღნიშნული ძვირფასი ქვა აუქციონზე 2018 წელს რეკორდულ 50.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
დატოვე კომენტარი