ვაჭრობის „წესები“, „დედა-ენა“, „შარლატანური განცხადება“, „ერთი რამ გამოგონება“, „შეგირდი. ოსტატი. უსტაბაში“ და ა.შ. | „ტფილისის დღიური“

ვაჭრობის „წესები“, „დედა-ენა“, „შარლატანური განცხადება“, „ერთი რამ გამოგონება“, „შეგირდი. ოსტატი. უსტაბაში“ და ა.შ. | „ტფილისის დღიური“

XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა. ეს ამბები ხშირად იმდროინდელ ქართულ პრესაშიც პოვებდა ასახვას. ყველაფერთან ერთად, ცნობები, ზოგჯერ სულაც მწირი და ერთი შეხედვით – უმნიშვნელო, ძველი თბილისის ყოველდღიურობასა და ეკონომიკაზე მრავალფეროვან და  საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, ზოგჯერ კი სრულიად უჩვეულო რაკურსით გვაჩვენებს ამა თუ იმ მოვლენას და გვიხსნის მათ მნიშვნელობას.

რუბრიკაში „ტფილისის დღიური“ ძველი ქართული გაზეთებიდან ამოკრეფილ სწორედ ამ ტიპის პატარ-პატარა ამბებს გაგაცნობთ, რომელთა მთხრობელები, არცთუ იშვიათად, თავად თფილისის მოქალაქეები იყვნენ – ადამიანები, რომლებიც ყველაზე უკეთ გრძნობდნენ, თუ რა ხდებოდა მათ თავს, რა ხდებოდა ქალაქში…

 

„ტფილისის დღიური“ | 1881 წელი

ამბავი #1 – ვაჭრობის „წესები“

XIX საუკუნის 80-იანი წლები თფილისში მძიმედ დაიწყო, რადგან ქალაქში გამეფებული სიძვირე მოსახლეობას ძლიერ უჭერდა მარწუხებს – თფილისელებს „თან-და-თან“, უფრო და უფრო უჭირდათ „თავის ცოდვილი სხეულის დაკმაყოფილება“.

ეს საყოველთაო გაჭირვება ზოგჯერ კრიტიკულ ზღვარს აღწევდა და ენით აღუწერელ ტრაგედიებს ატრიალებდა – „ამას წინათ ერთს ჰავლაბრის მცხოვრებს ექვსი წლის შვილი მოუკვდა შიმშილითაო…“.

ამას გარდა, სიძვირისა და გაჭირვების ფონზე, ბუნებრივად მატულობდა კრიმინალიც, ქურდები კი ზოგჯერ დაუჯერებელ საქმესაც კადრულობდნენ:

„ერთის მოქალაქისათვის, ანჩხატის უბანში, ქურდებს მოუპარავსთ ქვაბები, რომლებშიაც ფლავი იხარშებოდაო, ქათამი, ნაღები და სხვ.“.

ამგვარი სიძვირის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ყველაფერთან ერთად, ის გარემოება სახელდებოდა, რომ სოფლის პროდუქტი თბილისში მცხოვრებ ადამიანებამდე პირდაპირ ვერ აღწევდა და ძირითადად მხოლოდ ვაჭრების, ჩარჩებისა და კინტოების გავლით, რეალურ ღირებულებაზე ბევრად მაღალ ფასად იყო ხელმისაწვდომი.

უკიდურესი გაჭირვების დროს ქალაქის მოსახლეობას, სოფლებიდან გლეხების მიერ ჩამოტანილი, იაფი ხორაგეულის ეიმედებოდათ, თუმცა სულ ტყუილად, რადგან გადამყიდველები, სოფელ-სოფელ – იაფად ყიდულობდნენ პროდუქტს, ან ქალაქის გზებზე ხვდებოდნენ გლეხებს და ლამის იძულების წესით, კაპიკებში ართმევდნენ სავაჭროს, ქალაქში შემოტანილ ხორაგს კი თფილისელებზე ერთი-ოთხად ასაღებდნენ.

და „ვაი იმის ბრალი“, თუ რომელიმე გლეხი სოფელში ჩასულ, ან გზებზე ჩასაფრებულ ჩარჩებს არ მოურიგდებოდა და ქალაქის მოედნებსა და იარმუკაზე თავად მოინდომებდა ვაჭრობას:

„ყოველის მხრით დაესევიან იმას ვაჭრები, კინტოები და ჩარჩები, ზოგი სტაცებს, ზოგი ჩხუბს აუტეხს, ზოგი მესამედ ფასს შეაძლევს და სხვ., თითქო ყველას პირი აქვთ შეკრული, რომ ჩაჩაგრონ, აზარალონ, რომ მეორედ აზრათაც აღარ მოუვიდეს ქალაქში შემოსვლა თავის საქონლითა“.

პირის შეკვრასა და ჩარჩ-ვაჭრებისა თუ კინტოების ათასგვარ ხრიკებზე გაზეთები მხოლოდ სიტყვის მასალად როდი წერდნენ – ძველი ქართული პრესის ფურცლები არაერთ მაგალითს ინახავს იმისა, თუ როგორ მუშაობდა ქალაქში სავაჭროდ ჩამოსული გლეხებისა და სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ გადამყიდველთა მიერ შემუშავებული ტაქტიკა და სქემები. აი, რას წერდა გაზეთი „დროება“ 1881 წლის ერთ-ერთ ნომერში:

„რამდენსამე მთიულ სოფლელს მოუგროვებიათ რაც გასასყიდი მატყლი ჰქონიათ და რადგან ადგილობრივ მისული ქალაქის ვაჭრები რიგიან ფასს არ იძლეოდნენ, სამი თუ ოთხი სანდო პირი ამოურჩევიათ თავიანთ შორის, დაუდვიათ ურემზე ეს მატყლი და პირ-და-პირ ქალაქში ჩამოუტანიათ იმ იმედით, რომ აქ ხელმისაცემ ფასად გაჰყიდდნენ.

თფილისის ვაჭრებს ამგვარი ამბავი აბა როგორ გამოეპარებოდათ: იმ წამსვე პირი შეუკრავთ და ხან ერთი, ხან მეორე მიდიოდა თუ რამე რიყეზე, სადაც მთიულებს მატყლი ჰქონდათ ურმებით და ყველა იმაზე ნაკლებ ფასს აძლევდა, რასაც ადგილობრივ, სოფელშივე, აძლევდნენ.

მთიულები ჯერ მაგრად იდგნენ, ზარალით არ უნდოდათ მატყლის გაჰყიდვა, მაგრამ ბოლოს, როცა ფული შემოელიათ, საქონლისა და თავის-თავის რჩენა გაუჭირდათ, მეტი რა ძალა ჰქონდათ, თითქმის ნახევარ ფასად დაუთმეს ვაჭარს თავიანთი საქონელი.

და მეორედ, რასაკვირველია, ამათ რკინის ჯაჭვითაც ვეღარ ჩამოიყვანთ ქალაქში თავიანთ ნაწარმოების გასასყიდლად!

სადაც ამგვარი წესებია ვაჭრობისა, სადაც სოფლის მწარმოებელი ამისთანა შევიწროებულ მდგომარეობაშია, სადაც ამ მწარმოებელს, ხელის-მოწყობის მაგივრად, ათას ნაირი დაბრკოლება უხვდება წინ, იქ, რასაკვირველია, სიიაფესა და ქალაქში ცხოვრების გაადვილებას არ უნდა მოველოდეთ.

და მართლაც, მგონი, არსად არ არის ცხოვრება ისე ძვირათ და ღარიბი ხალხი ისე შევიწროებული, როგორც ჩვენს ქალაქში?!“

იაკობ გოგებაშვილი, „დედა ენა“ / ეროვნული ფოტომატიანე

 

ამბავი #2 – „დედა-ენა“

მართალია ქალაქში ასეთი გაუგონარი სიძვირე და „მამასისხლობა“ სუფევდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სწავლა-განათლებას მოწყურებული თფილისელები წიგნებში ფულის გადახდას მაინც არ ერიდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, წიგნში, რომელსაც „დედა-ენა“ ერქვა და რომელიც, ყველაფერთან ერთად, კომერციულად გამართლებული პროექტი უნდა ყოფილიყო.

1881 წელს იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენა“ ანუ ანბანი და „სახალხო სკოლებში სახმარებელი პირველი საკითხავი წიგნის“ მესამე, გასწორებული გამოცემა დაბეჭდილა, თანაც საკმაოდ დიდი ტირაჟით. ამ გამოცემისთვის ავტორს ოცზე მეტი ახალი მოთხრობა და ლექსი დაუმატებია, ასევე, ანდაზები და გამოცანები, რამდენიმე ახალი სურათიც და ყველაფერთან ერთად, ტექსტების ენა და შინაარსიც შეუსწორებია:

„ისყიდება გამომცემლის გრიქუროვის მაღაზიაში კუკიის ხიდის ყურეში. ფასი ექვსი შაური. მაგრამ წიგნი ხუთ შაურათ დაეთმობათ სახალხო სკოლებს და სხვა სასწავლებლებს, როცა იყიდიან ნაღდს ფულზედ ოც-და-ათს ეგზემპლიარსა და კერძო პირებს, როცა წაიღებენ ასს ეგზემპლიარსა. „დედა-ენა“ მოწონებული და სახელმძღვანელოდ დადებულია პეტერბურღის მსწავლულთა კამიტეტისაგან, განათლების მინისტრის დამტკიცებით“.

 

ამბავი #3 – „ქაღალდის ფასათა“

ფასი იაკობ გოგებაშვილის ამ ნამდვილად სასარგებლო და ჩინებული წიგნისა, როგორც ამბობდნენ, „ძალიან ზომიერი“ ყოფილა, რასაც ვერ ვიტყვით ძველ, „ხელთ-ნაწერ“ წიგნებზე, რომლებსაც არათუ ზომიერ, არამედ ქაღალდის ფასად ჰყიდდნენ უდიერი მფლობელები.

როგორც ლიტერატურის მკვლევარი და გამომცემელი – ზაქარია ჭიჭინაძე იუწყებოდა, 1881 წელს თფილისში გარდაცვლილა ერთი ღრმად მოხუცებული კაცი, რომელსაც მრავალი „ხელთ-ნაწერი“ წიგნი დარჩენია – ნაწილი თავად შეუგროვებია, ნაწილი კი წინაპრებისაგან დარჩენია, „რადგანაც მამა და პაპა მისი ფრიად მოყვარენი ყოფილან ქართულის ლიტერატურისა და განსაკუთრებით ხელით-ნაწერ წიგნებისა“.

მოხუცის სიკვდილის შემდეგ მის შთამომავლებს ეს საგულდაგულოდ ნაგროვები, უძვირფასესი კოლექცია ქალაქის იარმუკაზე, ერთი მეწვრილმანისათვის წონით მიუყიდიათ, მეწვრილმანეს კი წიგნებისგან ქაღალდის პარკები დაუმზადებია:

„ამ დღეებში შემთხვევით შევხვდი იმ დუქანში ერთ ხელთ-ნაწერს წიგნსა, რომლის სათაურიც ასეა დაწერილი:

„განსჯანი არისტოტელესანი კეთილისა და ბოროტისა“. თარგმნილი ლათინურის ენისაგან რუსულსა ენასა ზედა მ. ა. წელსა 1781 სანკტ-პეტერბურღს. ხოლო ქართულსა ენასა ზედა გადმოთარგმნილი მეფის გიორგის მეათცამეტის ძის თეიმურაზის-მიერ, წელსა 1801“.

ეს და ამ გვარი შემთხვევები პირველი მაგალითები არ არიან ჩვენთვის, და მგონია, რომ დროა ყურადღების მიქცევა იმ წიგნებისა და ხელთ-ნაწერებისა, რომლებიც საუკუნოებით უძენიათ ჩვენს მამა-პაპათა და ჩვენ კი მეწვრიმალეებზე და ბაყლებზე ქაღალდის ფასათა ვყიდით“, – სამართლიან საყვედურს გამოთქვამდა ზაქარია ჭიჭინაძე.

 

ამბავი #4 – „ზალა გიმნასტიკის ვარჯიშობისა“

და თუკი წიგნები მაშინაც და ახლაც გონების გავარჯიშების საუკეთესო საშუალებად მიიჩნეოდა და მიიჩნევა, სხეულის გაჯანსაღების მსურველთათვის თბილისში სპეციალური დარბაზები და წრეებიც არსებობდა.

1881 წელს, გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ერთი „იშვიათი“ სარეკლამო განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ამ წლის 7-ს იანვარს, გუნიბის მაედანზე, გოდფრუას ცირკის გვერდით, გავხსენი ზალა გიმნასტიკის ვარჯიშობისა, სადაც ყველა ხნის კაცებსა და ქალებს შეუძლიანთ გიმნასტიკური ვარჯიშობა დილის 8 საათიდამ საღამოს 10 საათამდინ.

დაწვრილებით პირობების შეტყობა მსურველს შეუძლიან აქვე, ზალის კანტორაში, რომელიც შუა დღიდამ 2 საათამდინ გაღებულია.

აქვე ასწავლიან კანკებით ცურვას და ვარჯიშობას ველოსიპედით; ასწავლიან აგრეთვე ფეხტოვანას [ფარიკაობას. რედ.]“.

ამავე წელს, თფილისში „გიმნასტიური ამხანაგობაც“ დაუარსებიათ, რომელიც წევრებს ხმლის და თოფის სროლაში ვარჯიშს სთავაზობდა, ასევე, „ქალაქს გარეთ სეირნობისა და სხვა რიგი დროების გატარების საშუალებას, რომელნიც ძალას და ღონეს უმაგრებენ ადამიანს“.

როგორც საგაზეთო რეკლამა იუწყებოდა, „გიმნასტიური ამხანაგობის“ წესდება საჯარო იყო და წევრობის მსურველებს მისი გაცნობა ნებისმიერ დროს შეეძლოთ, უშუალოდ ამხანაგობის „წლიური შესატანი ფული“ კი ათი მანეთი ყოფილა.

 

ამბავი #5 – „შარლატანური განცხადება“

„გიმნასტიკის ვარჯიშობის ზალისა“ და „გიმნასტიური ამხანაგობისას“ არა, მაგრამ „ვიღაც ვენის გაკოტრებული ფაბრიკანტის“ რეკლამის მსხვერპლი კი შექმნილა თფილისელთა ნაწილი.

საქმე ის გახლავთ, რომ 1880 წელს, „დროების“ რამდენიმე ნომერში ავსტრიელი ვაჭრის სარეკლამო განცხადება დაიბეჭდა, რომლითაც დაინტერესებულ პირებს 7 მანეთად – 70 მანეთის ღირებულების ვერცხლის ნივთების გამოგზავნას ჰპირდებოდა.

ამ „მოგებიანი“ გარიგებით არაერთი თფილისელი დაინტრიგებულა და სარეკლამო განცხადებაში მითითებულ მისამართზე ზემოხსენებული თანხაც გაუგზავნიათ, თუმცა, არათუ ვერცხლის და ათჯერ ძვირი საქონელი, არამედ უხარისხო „ხარახურა“ ჩამოსვლიათ, ნივთები, რომლებიც რამდენიმე დღეში „სრულებით გაშავებულა“.

მეტიც, იოლად გამდიდრების ზოგიერთი მსურველი ავსტრიელ „პარტნიორს“ სულაც ხახამშრალი დაუტოვებია…

სარეკლამო განცხადებით დაზარალებულებს განტევების ვაცად „დროება“ უცნიათ, „თქვენს გაზეთში იყო დაბეჭდილი, რათ მოგვატყუეთო“, რის გამოც გაზეთის მესვეურებს თავის მართლება დასჭირვებიათ:

„საჭიროდ ვრაცხთ ერთხელ-და-სამუდამოთ გამოვაცხადოთ, რომ რედაქცია განცხადებების შესახებ პასუხის-გებას ვერ იკისრებს; შეიძლება შარლატანური განცხადება იყოს გაზეთში დაბეჭდილი, ეს ჩვენ არ შეგვეხება, მკითხველი უნდა მივდეს, არ უნდა მოტყუვდეს, თორემ ჩვენ აქ ვერას ვუშველით“.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც „დროებას“ სარეკლამო განცხადებით დაზარალებულები უჩიოდნენ. მანამდე, 1876 წელს, გაზეთში გამოქვეყნებულმა სარეკლამო განცხადებამ სასეირო ამბავი დააწია მომხმარებლებს, ვინც სასწაულის ირწმუნა, რომ „ქინო-გლიცერინის პომადის“ გამოყენების შემთხვევაში, „მომატებულათ მოსვლეპილი თავიც კი მალე თმით იმოსებოდა“.

თბილისი. მეიდნის ხიდი მდინარე მტკვარზე და თულუხჩები / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

 

ამბავი #6 – „ერთი რამ გამოგონება“

ამგვარი, „შარლატანური“ განცხადებების პარალელურად, იმდროინდელ პრესაში ზოგიერთი ისეთი ცნობა ქვეყნდებოდა, მკითხველს რომ აფიქრებინებდა – ამ ამბის უკანაც „შარლატანობა“ ხომ არ იმალებაო.

ზოგადად, თფილისს წყალი ყოველთვის აკლდა – ტფილისელებისთვის სასმელი წყალი ერთი დიდი, გადაუჭრელი პრობლემა იყო და ქალაქი მუდამ უწყლობაზე წუხდა.

ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ დიდხანს მტკვრის წყალს სვამდა. ამ წყალს თბილისელი წყლის დამტარებლები, თულუხჩები, პირდაპირ მტკვრიდან, ტყავის ჭურჭლით – თულუხებით იღებდნენ. თუმცა თულუხჩების დიდი ნაწილის არაკეთილსინდისიერება და „წრეს გადასული“, უპასუხისმგებლო საქციელი, როდესაც მოსახლეობის სასმელ წყალს მტკვრის დაბინძურებული ადგილებიდან იღებდნენ, მოსახლეობისთვის დამატებითი თავის ტკივილი იყო.

1881 წელის ბოლოს, „ნახევარი ქალაქი – ანჩისხატიდამ და ვანქიდამ დაწყებული, მარჯვენა მხარეს – კრწანისამდის მოწამლულის წყლით დაშხამულა. მეთულუხეებს საზიზღარი, მყრალი სუნის ყვითელი წყალი მოჰქონდათ. ბევრს ახალი თულუხის ტყავის მიზეზი ჰგონებიათ, მაგრამ სუნზე დაუტყვიათ რაც არის.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის არხის ადგილას იღებენ მეთულუხეები წყალსა. ქალაქმა ყველას ნება მისცა, რომ ამ არხში ჩაიყვანონ პატარა არხებით ფეხის-ადგილების ღარები და ესე მშვენიერება აზავებს მტკვრის წყალსა. თითქოს განგებ მეთულუხეები უფრო ამ ადგილებიდამ ეზიდებიან წყალსა, ხუთი-ექვსი ჩასავალი ადგილი იმ მოწამლულ მღვრიე ნაპირს ეშვება და აქედამ იმსება თულუხები.

შესაძლებელია განა ამისთანა ქალაქში, საცა განსაკუთრებული წმინდა წყლის გამოსაყვანი მილები არ არსებობს, რომ მდინარე ფეხის ალაგად გადააქციონ?“, – რიტორიკულ კითხვას სვამდა „დროების“ კორესპონდენტი.

მდინარის დაბინძურებას ვერაფერს უშველიდა, მაგრამ სუფთა წყლის მოპოვებაში კი დაეხმარებოდა თფილისელებს ერთი უბრალო, უსწავლელი ქართველი კაცის, ვინმე ფიცხელაურის გამოგონება“, რა თქმა უნდა, „შარლატანობა“ თუ არ იყო:

„ჩვენ ვნახეთ გუშინ ახალი წყლის ამოსაწევი მაშინა, რომელიც გაუმართავს მოდელად, ნიმუშად, ერთს უბრალო, უსწავლელ ქართველ კაცს, ფიცხელაურს. ამ მაშინის გასაკეთებლად ზოგიერთ პირებს მიუციათ ცოტაოდენი შემწეობა და ამიტომ მაშინაც ერთობ პატარაა და ყველა ხელმოსაწყობი მასალები არა აქვს, რომ რიგიანად რამ გაემართა.

ეს ფიცხელაური ისეთი დაჯერებულია, რომ იმის მაშინის შემწეობით, უორთქლოდ, უცეცხლოთ შეუძლიან, რა სიმაღლეზედაც უნდა, წყლის აწევა, რომ ყურადღება უნდა მიაქციოს მცოდნე და ფულიანმა კაცებმა. ფიცხელაური ამბობს, საშუალება რომ მომცა და ღონის-ძიებას რომ აღმომიჩენდნენ, უორთქლის მაშინოთ, წყალს ამოვიყვან მტკვრიდამ და იმდენსაც, რომ მთელს ქალაქს ეყოსო.

იქნება მართლა ერთი რამ მოიგონა ამ კაცმა…“.

დაზუსტებით რთულია თქმა, ფიცხელაურმა მართლაც მოიგონა თუ არა „ერთი რამ“, ანუ „წყლის ამოსაწევი მაშინა“, მაგრამ ფაქტია, თფილისისთვის სასმელი წყალი კიდევ დიდხანს დარჩა გადაუჭრელ პრობლემად.

 

ამბავი #7 – „შეგირდი. ოსტატი. უსტაბაში.“

კიდევ ერთი ამბავი, რასაც ამ სტატიაში უნდა შევეხოთ, პროფესიული განათლების თემაა. მოსახლეობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა „ხელობას“ – ფიქრობდნენ, რომ ხელობის მცოდნე ადამიანი ლუკმაპურს ყოველთვის იშოვიდა. ამიტომაც, პროფესიული განათლების მისაღებად მშობლები ბავშვებს ხშირად მიაბარებდნენ ოსტატებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაუფლებოდნენ ხელობას, გაეჩინათ შემოსავალი და ოჯახებსაც შეწეოდნენ.

ზოგადად, მშობლის მიერ ოსტატისთვის მიბარებულ ყმაწვილს ხელოსნის ხარისხი რომ მიეღო, ამისთვის მას შეგირდობისა და ქარგლობის საფეხურები უნდა გაევლო. პროფესიული განათლების მისაღების ვადა არაერთ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, ხელობის სირთულესა და, რა თქმა უნდა, მიბარებული ბავშვის ალღოსა და ნიჭიერებაზე.

თუმცა, როგორც ჩანს, ხელობის შესწავლის საქმე ყოველთვის ისე როდი მიდიოდა, როგორც ჯერ არს. მაგალითად, იმდროინდელი პრესა ერთი მავნე პრაქტიკის შესახებ წერდა:

„ჩვენ გვაცნობებენ შემდეგ შემთხვევას, რომლითაც იხატება – თუ რა გვარი წესები ჰსუფევს ჩვენს ხელოსნებში:

მოგეხსენებათ, რომ რომელიმე ოსტატის შაგირდი ჩვენს ქალაქში ისე თავის დღეში ვერ მიიღებს ოსტატობის ატესტატს, თუ სამი ან ორი თუმანი მაინც „ხალათის ფული“ არ მისცა თავის ოსტატს და უსტაბაშს თავი არ „დაალოცვინა“.

ერთს დურგლის შაგირდს, რომელიც 12 წელიწადი დურგლობის ხელობაში იყო, ამგვარ ჩვეულების მიმდევარ თავის ოსტატისათვის მიეცა შარშან 15 მანეთი „დასალოცავად“. მაგრამ მას აქეთ წელიწადი თავდება და შეგირდს დღემდინაც არ აკურთხებენ თურმე, კიდევ ხუთი მანეთი მერგებაო.

გვიკვირს-ეს სადაური წესი და კანონია! რამდენათაც ვიცით ოსტატის მოწმობის აღება კანონით, 5 მანეთზე მეტი არა ჯდება. აქ ორ-სამ თუმანს ახდევინებენ და მაშინაც ვერ მიუღიათ მოწმობა…“.

ოსტატად დალოცვა თითოეული შეგირდის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო, რადგან ჯერ შეგირდი, შემდეგ კი ქარგალი, დამოუკიდებელი ხელოსანი, ამქრის სრულუფლებიანი წევრი ხდებოდა და როგორც თბილისელი მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი წერდა თავის წიგნში, „იმას შეეძლო ფასით, სადაც სურდა, იქ ემუშავნა. თუ მოიწადინებდა, თავის ოსტატის შემოწმებით სახელოსნო უპრავიდან ატესტატს მიიღებდა, მერე თავისთვის სახელოსნოს გააღებდა“.

მაგრამ უსამართლო გადასახადს, ატესტატს და დალოცვას ვინ ჩივის, ზოგიერთი ოსტატი ისეთ დღეში ამყოფებდა შეგირდს, მაგალითად:

1881 წლის 15 მარტს, ოქრომჭედლების ქუჩაზე, „ერთს პატარა ხვრელთან“ ხალხი უჩვეულო შემთხვევის მოწმე გამხდარა – სარდაფში პატარა ბიჭი ყოფილა გამომწყვდეული. როგორც გარკვეულა, შაქრო ჩაჩანიძე, ხუთი წლის ვადით, დურგალთან ყოფილა შეგირდად, თუმცა მას შემდეგ, რაც ოსტატს სახელოსნო დაუკეტავს და შეგირდს უთხოვია, რადგან შენგან ხელობას ვეღარ ვისწავლი – გამათავისუფლეო, ოსტატს უარი უთქვამს „ხუთი წელიწადი პირობა მაქვს, უნდა მემსახუროვო“. შეგირდის გაჯიუტების შემდეგ ოსტატს შაქრო ჩაჩანიძისთვის მათივე ამქრის „უსტაბაშთან“ [ოსტატების თავთან] უჩივლია, ბოლოს კი ბიჭი სარდაფში „ჩაუგდია“:

„ისეთს აყროლებულ ალაგას იყო საწყალი ბავშვი, რომ გარეთაც დგომა უძნელდებოდა კაცს. მეორე დღეს კიდევ იმ ქუჩაზე მომიხდა გავლა. ვნახოთ, ის ბავშვი კიდევ იმ სარდაფშია! მიედვა ხვრელთან ცხვირი და სუნთქავდა… ვკითხე: კიდევ არ გამოუშვიხარ-მეთქი? არაო, მიპასუხა, ერთი შაური მქონდა, იმის პური ვიყიდე და ახლა ასე ვაგდივარო“.

„დროების“ ამ კორესპონდენციასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში, იმავე გაზეთში, დურგლების ამქრის უსტაბაშის – სერგეი მამაჯანოვის საპასუხო წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ შეგირდი ჩაჩანიძე ნამდვილად იმსახურებდა სასჯელს, მაგრამ არა ორი დღით, არამედ, ორი საათით დატუსაღებასო:

„შაგირდის ოსტატს სრულებით ქარხანა არ დაუკეტნია და შაგირდიც, ჩემის განკარგულებით და თავისის დედის ბრძანებით, ისევ მივიდა თავის ოსტატთან და შეუდგა ხელობის სწავლას. მეორეც, ვთხოვ უცნობს ავტორს, რომ შემდეგში არ გაუგონოს მცირეწლოვან ყმაწვილებს და იმისთანა შეცდომა აღარ მოახდინოს, რომ ამისთანა საქმის გამგონმა შაგირდებმა არ გაანებონ ხელობას თავი და ამწვანებულს ორთაჭალაში არ ირბინონ სათევზაოთ და საუკუნოთ არ დაკარგონ სულით-ხორცით, არ გაამრავლონ ჯიბგირების რიცხვი, რომლითაც ჩვენი თფილისი უიმისოთაც მდიდარია“.

დურგალთა ამქრის უსტაბაშის წერილს გვარიანად აღუშფოთებია გაზეთ „დროების“ რედაქცია, უსტაბაში ხელოსანს ამართლებს და თავსაც იმართლებს, თითქოს ხელოსანს რომ გაექცა შეგირდი, ამის გამო, მისივე მშობელმა ითხოვა მოზარდის დასჯაო:

„კიდეც მართალი რომ იყოს ბატონი უსტაბაში, მართლაც რომ გაქცეულიყოს შაგირდი თავის ოსტატისაგან, დედასაც რომ ეთხოვოს იმის დასჯა, განა ყველა ეს იმას გაამართლებს? რატომ არ გამოიძია ბატონმა უსტაბაშმა – რისთვის გაექცა ის შაგირდი თავის ოსტატს? რატომ აღარ უნდოდა იმასთან მუშაობა და ყოფნა? ვსთქვათ, სულ უმიზეზოთაც გაიქცა ყმაწვილი – განა ეს აძლევს ვისმეს უფლებას, რომ ასე უღმერთოდ დასაჯოს ყმაწვილი, ორი დღე რომ ოსტატმა მყრალ, ნოტიო სარდაფში, უჭმელ-უსმელი ჩაამწყვდიოს?! ამისთანა შაგირდი მერე გულით იქნება ოსტატთან, რა გულით ისწავლის თავის ხელობას?

პირველი მაგალითი არ არის, რომ ამისთანა ამბები გვესმის ჩვენს ხელოსნებზე და იმათ საბრალო შაგირდებზე. მთავრობაც და ქალაქის გამგეობაც ვალდებულია, რომ ამ გარემოებას, ამ შაგირდების შესაძრწუნებელ მდგომარეობას ყურადღება მიაქციოს და მოახერხოს, რომ შაგირდები განთავისუფლებულნი იყვნენ თავიანთ ოსტატებისაგან უმოწყალო ცემა-ტყეპას, სარდაფებში ჩამწყვდევას და საზოგადოთ მხეცურ მოპყრობას“, – წერდა გაზეთი, მაგრამ ვისაც ამ შეგირდების თუ მოქალაქეების უფლებები და, ზოგადად, სამართალი უნდა დაეცვა, თავად არღვევდა წესებს, კანონებსა და ადამიანის უფლებებს…

პოლიციელი [დეტალი] / პოლ ნადარის ფოტო / 1890 წ.

ამბავი #8 – „თფილისის პოლიცია“

თფილისში, პოლიციის მოხელეთა მიმართ მოსახლეობის უმეტესობას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სამართალდამცავთა ნაწილი არათუ ჯეროვნად არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, არამედ არც თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უფლებამოსილების გადამეტებას ერიდებოდა.

არაერთ უსამართლობასთან ერთად, თფილისელებს პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ უდიერად მოპყრობის მრავალი ფაქტიც ახსოვდათ.

მაგალითად, ხშირად მოხდებოდა, რომ სამართალდამცავები, აქაოდა „არა კეთილ-სანდო“ მოვაჭრენი არ იყვნენო, ავიწროებდნენ პატარა ბიჭებს, ქალაქის ქუჩებში წიგნებით დატვირთულნი რომ დადიოდნენ და „კარგა ბლომათ ჰყიდდნენ ქართულ იაფ გამოცემებსა“ და პრესას. როგორც ჩანს, მათი ამგვარი დამოკიდებულება მხოლოდ წიგნებითა და გაზეთებით მოვაჭრე მოზარდებზე არ ვრცელდებოდა:

„ჩვენ გვატყობინებენ, რომ გალავინის პროსპექტზე, ბაღთან მონავალა ბიჭი, რომელიც ჰყიდდა თაიგულებს; ამ დროს მივარდნილა პოლიციელი და აღუკრძალავს მისთვის თაიგულებით ვაჭრობა.

ამ აყალ-მაყალს წასწრებია ერთი მეფაიტონე, რომელსაც თავის ფაიტონიდამ შეუტევია პოლიციელისათვის და თანაც დაუმატებია:

„ბაზარში ჯიბგირებისათვის თავი მიგინებებია და საწყალ ბიჭებს თაიგულის გაყიდვას უშლიო, გირჩევ ბაზარში ინავარდო დაჭერაში უფრო სარგებლობას მოიტანო!“

ამ სიტყვებზედ, პოლიციელი ჰტაკებია მეფაიტონეს და უშველოს ღმერთმა, ვიღაცები რომ არ მიშველოდნენ და არ წაეყვანათ, რამდენიმე პოლიციელები გაძაგრას უპირებდნენო თურმე“, – წერდა „დროება“.

და ეს იმ პირობებში ხდებოდა, როცა, იმავე გაზეთის ცნობით, 1881 წელს, დროის მოკლე მონაკვეთში:

„პოლიციის ორმა ყარაულმა [გარადავოიმ] გასტეხეს ღამით ერთი მიკიტხანა, რაც ფული და ნივთები იყო წაიღეს, იქვე ჩათვრნენ და იქვე დაიჭირეს;

პოლიციის ერთმა აფიცერმა პოლიციის ორი სალდათი მოიხმო და უბრძანა გოგოები მომიყვანეთო. გარადავოებმა ვერ შეუსრულეს ეს ბრძანება და მხოლოთ ამისთვის აფიცერმა ორივე დაითხოვა სამსახურიდამ.

პრისტავებს და ზოგიერთს პოლიციის აფიცრებს, მოსამსახურეებად, ლაქიებად და მზარეულებად, გარადავოები ჰყავთ შინ.

პოლიციის ერთი აფიცერი დუქნებში და მაღაზიებში დაიარება და საქონელს არჩევს, და თუ მაღაზიის პატრონმა მუქთად არ მისცა, თან პოლიციის მოხელე ახლავს და იმას უბრძანებს, ეს კაცი პოლიციაში წაათრიეო.

პოლიციის მეორე აფიცერი კი სასამართლოსგან გარდაწყვეტილ ჯარიმებს და თუ სხვა ფულებს აგროვებს, თვითონ სჭამს და ხალხს მეორედ ახდევინებენ.

ყველა ეს ამბები ჩვენს ქალაქში ხდება…“.

„ყველა ეს ამბები“ თფილისში ხდებოდა, ქალაქში, სადაც სამართალდამცავები, სიმცირისა და მრავალ სხვა მიზეზთა გამო, კრიმინალთან ბრძოლას ისედაც ვერ აუდიოდნენ, ქალაქში, სადაც პოლიციელები „დიდ გამჭრიახობას“ იჩენდნენ გლეხების შევიწროებასა და დაჩაგვრაში, ქალაქში, სადაც თავად სამართალდამცავები ქურდობდნენ და ყაჩაღობდნენ და ამისთვის იშვიათად, რომ ვინმე კანონის სრული სიმკაცრით დასჯილიყო – პოლიციელი თუ ერთობ აშკარად მოქმედებდა და უკანონობაზე დაიჭერდნენ, „ბევრი-ბევრი“ სამსახურიდან დაეთხოვათ…

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *