ქალაქის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ვენეცია ექსპერიმენტის სახით, ტურისტების ნაკადის სამართავად, მომდევნო წლიდან ვიზიტორებისათვის მის ტერიტორიაზე შესვლის გადასახადს დააწესებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში შესვლის გადასახადი დღიური აბონემენტი იქნება და მისი ფასი 5 ევროთი განისაზღვრება.
ქალაქის საბჭოს განცხადებით, საგადასახადო სისტემას ექსპერიმენტის სახით სატესტოდ 30 დღის განმავლობაში ჩაუშვებენ გაზაფხულის დღესასწაულებისა და ზაფხულის შაბათ-კვირების პერიოდში, როდესაც ტურისტული ნაკადები პიკს აღწევს. შესვლის გადასახადის გადახდა 14 წლის ასაკს გადაცილებულ ვიზიტორებს მოუწევთ.
ვენეციის ტურიზმის კანცლერის, სიმონე ვენტურინის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანია, იპოვონ ბალანსი იმ ადამიანების უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, სწავლობს, მუშაობს ან სტუმრობს ქალაქ ვენეციაში. მისი განმარტებით, გადასახადის დაწესების მიზანი ეკონომიკური სარგებლის მიღება არ გახლავთ და მისგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ სქემის ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვას მოხმარდება.
გადაწყვეტილების ვადებისა და ტექნიკური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მომდევნო კვირას გახდება ცნობილი. ცნობისთვის, ვენეციაში შესვლის გადასახადის დაწესება ქალაქის საბჭოს 2019 წელს სურდა, თუმცა კოვიდპანდემიის გამო მისი განხორციელება გადავადდა.
შეგახსენებთ, ტურისტული პიკი ქალაქისთვის, რომელიც იძირება, პრობლემას წარმოადგენს. ხშირად ტურისტული ნაკადი ვენეციაში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვსაც აჭარბებს.