ვენეციაში შესვლაზე საფასურის დაწესებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ვენეციაში შესვლაზე საფასურის დაწესებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ვენეცია მსოფლიოში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ტურისტებისთვის ქალაქში შესვლაზე გადასახადი დააწესა. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ქალაქში შესვლის საფასური 5 ევრო იქნება. განკარგულება ძალაში დღეს, 25 აპრილს, იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე შევიდა.

ქალაქში უკვე გამოჩნდნენ სპეციალური მუშაკები, რომლებიც ტურისტების ერთდღიანი ვიზიტის ბილეთებს ამოწმებენ. განკარგულებით, გადასახადი ვრცელდება იმ ტურისტებზე, რომლებიც ვენეციაში დილის 8:30 საათიდან საღამოს 4 საათამდე იმყოფებიან, სხვა ნებისმიერ დროს შესვლა კი კვლავ უფასოა. ტურისტები, რომლებიც საფასურს არ გადაიხდიან, 50 ევროდან 300 ევრომდე დაჯარიმდებიან.

გადასახადისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც ვენეციაში დასარჩენად ჩადიან. ამისთვის ტურისტებმა ქალაქის შესასვლელში სპეციალური QR-კოდი უნდა წარადგინონ. ვენეციაში შესვლაზე გადასახადი ორი მთავარი მიზეზით დაწესდა: პირველი – ქალაქზე ჭარბი ტურიზმის ნეგატიური გავლენის შემცირებაა, ამასთან ერთად კი მთავრობას სურს, ვენეცია ადგილობრივებისთვის საცხოვრებლად მეტად ვარგისი გახადოს.

მიუხედავად ამისა, ერთდღიანი ტურისტებისთვის გადასახადის შემოღების გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. საპროტესტო აქციაზე გამოსულ პირებს ხელში ეჭირათ ბანერები გადასახადის გაუქმების მოთხოვნით. საპროტესტო აქციებს მომიტინგეებსა და სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა.

ვენეციის მერი ლუიჯი ბრუნარო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით გამოეხმაურა. „ოვერტურიზმი მხოლოდ ვენეციის პრობლემა არ არის. მიღებული ზომების მიზანი ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, რათა ის უფრო სუფთა და უსაფრთხო გავხადოთ, უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისა და ვიზიტორების სიმშვიდე“, – წერს ბრუნარო სოციალურ ქსელში.

ვენეცია ოვერტურიზმისგან ქალაქის დაცვის საკითხს წლებია, განიხილავს. Statista-ს მონაცემებით, 2019 წელს ქალაქს 5.5 მილიონი ტურისტი ესტუმრა, მაშინ როდესაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მხოლოდ 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ვიზიტორთა უმეტესობა ვენეციაში საკრუიზო გემებით ჩადის.

ქალაქის მცხოვრებლების განცხადებით, ვენეცია სუვენირების საგამოფენო პარკადაა ქცეული, ტურისტთა დიდი რაოდენობის გამო კი პროდუქტებსა და სერვისებზე ფასები მუდმივად იზრდება.