იტალიის მთავრობამ ვენეციის ისტორიულ ცენტრში საკრუიზო გემების შესვლა აკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, იტალიის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO-ს მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. მისივე თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდნენ. ცნობისთვის, კრიტიკოსები დიდი ხანია, აცხადებდნენ, რომ დიდი ზომის გემები წყლის დაბინძურებას იწვევს, რაც ვენეციას საფრთხეს უქმნის.
ამიერიდან ვენეციაში დიდი ზომის გემებს ქალაქის ინდუსტრიულ პორტში გაჩერება მოუწევთ მანამ, ვიდრე ალტერნატიული გამოსავალი არ მოიძებნება. მოიაზრება საკრუიზო ტერმინალის მოწყობაც.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო საკრუიზო გემების ვენეციაში შესვლა ისედაც შეზღუდული იყო, რის შედეგადაც ქალაქში წყლის ხარისხის გაუმჯობესება უკვე შესამჩნევია.
დატოვე კომენტარი