2007 წელს, როდესაც თბილისის მერიამ დედაქალაქში პარკინგის მოსაწყობად გამართულ ტენდერში კომპანია CT Park გამარჯვებულად გამოავლინა, მისი დამფუძნებლები ისრაელში რეგისტრირებული შპს-ები „შოჰარ პარკინგ სერვისიზი“ და „ამაგონი“ იყვნენ. 2011 წელს აღნიშნული კომპანიების მფლობელები ნათან შორელი და დევიდ პილა გაერთიანდნენ და სითი პარკის დამფუძნებლად მას შემდეგ შპს “პარკ-კინგ ინთერნეიშენალი” გვევლინება.
როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, კომპანია „სითიპარკის“ მთელ ქონებას 2014 წელს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაედო, რასაც შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში იყენებს სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად.
თბილისის მერიამ CT Park-თან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და შედეგად 10 აპრილიდან კომპანიის ფუნქციებს დროებით მერიის სატრანსორტო კომპანია შეასრულებს.
“სითიპარკი“ მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტას უკანონოს უწოდებს და სასამართლოში ჩივილს აანონსებს. კომპანიის ადმინისტრაციის განცადებით, ეს გადაწყვეტილება საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ ექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს.
„მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სი-ტი პარკ“-ის საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით. ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელჰყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სი-ტი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული. „სი-ტი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე”, -ნათქვამია კომპანიის მფლობელების – დევიდ პილას და ნათან შორერის განცხადებაში.
დატოვე კომენტარი