ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა მილიარდერთა სია განაახლა. წელს სიაში 2,781 მილიარდერია, რომელთა ჯამური ქონებაც $14.1 ტრილიონს შეადგენს. 2024 წელს სიას 265 ახალწვეული ჰყავს. გასულ წელს ეს რიცხვი 150-ს შეადგენდა.
წლევანდელი ახალწვეულების ჯამური ქონება $510 მილიარდია. ამ სიაში ხვდებიან როგორც სპორტსმენები, ისე შოუბიზნესის წარმომადგენლები და მოდის ინდუსტრიის ლეგენდები. Forbes-ის მილიარდერთა სიას 2024 წელს ახალწვეულები 32 ქვეყნიდან შეუერთდნენ.
როგორც ყოველთვის, ახალწვეულების რაოდენობით წელსაც აშშ ლიდერობს. ქვეყანაში წელს 67 ახალი მილიარდერია. მათგან ყველაზე მდიდარი ტოდ გრეივსია, სწრაფი კვების რესტორნების ქსელის, Raising Cane-ის დამფუძნებელი, რომლის ქონებაც $9.1 მილიარდს შეადგენს. ახალწვეულების რაოდენობით მეორე პოზიციაზე ჩინეთი იმყოფება, რომელმაც მათი რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გააორმაგა (31). ყველაზე მდიდარი ჩინელი ახალწვეულები მეგი გუ, მოლი მიაო და რენ სიაოქინგი, Shein-ის დამფუძნებლები არიან, რომელთა ქონებაც $4.2 მილიარდს უტოლდება. 25 ახალწვეული ჰყავს ინდოეთს, რომელთაგან გამოსარჩევია ელექტრონული კომერციის კონგლომერატის, Landmark Group-ის აღმასრულებელი დირექტორი რენუკა ჯაგტიანი ($4.8 მილიარდი).
Forbes-ის მილიარდერთა სიაში ყველაზე მდიდარი ახალწვეული იტალიელი ანდრეა პინიატაროა, ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ION Group-ის დამფუძნებელი, რომელიც ახლა უძრავი ქონების ინდუსტრიაში $27.5 მილიარდს ფლობს. ყველაზე მდიდარი ახალწვეული ქალების სტატუსი შვედი ინვესტორის მელკერ შორლინგის ქალიშვილებმა, სოფია და მარტა შორლინგებმა მიიღეს. მათ მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით $5.6 -5.6 მილიარდი დოლარი ერგოთ.
ყველაზე პოპულარული ახალწვეული, უდავოდ, პოპმომღერალი, შოუბიზნესის წარმომადგენელი ტეილორ სვიფტია. 34 წლის მომღერლის ქონება $1.1 მილიარდითაა შეფასებული. ის პირველი მომღერალია, რომელიც მილიარდერთა კლუბში ტურნეებისგან მიღებული შემოსავლით შევიდა. ცნობილ ახალწვეულებს შორის არის NBA-ს ლეგენდა, კალათბურთელი მეჯიქ ჯონსონიც. ყოფილი კალათბურთელის ქონება $1.2 მილიარდია. ის სპორტულ კლუბებს, კინოთეატრებს, უძრავ ქონებას და Starbucks-ის წილს ფლობს.