მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ვხვდებით მონარქებსაც, რომელთა სიმდიდრემაც, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ჰოლდინგ-კომპანიებისა და აქციების წყალობით, ათციფრიან ნიშნულს მიაღწია. Visual Capitalist-მა, პლატფორმა The Business Standard-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს ათი უმდიდრესი მონარქი გამოავლინა.
მსოფლიოს უმდიდრესი მონარქების რეიტინგის ლიდერი ტაილანდის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნია. მონარქის ქონება $43 მილიარდს უტოლდება, სიმდიდრის უდიდესი ნაწილი კი ბანგკოკში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე ქვეყნის ცემენტის უდიდეს კომპანიასა და ბანკში აქციებზე მოდის. 2016 წლამდე ვაჯირალონგკორნი სამეფო აქტივებს Crown Property Bureau-ის საშუალებით მართავდა. შემდგომ კი უშუალოდ მეფეს გადაეცა განსაკარგავად. გადაწყვეტილებას 2018 წელს ქვეყანაში სტუდენტთა აქციები მოჰყვა, რომლებიც გადაჭარბებულ სამეფო ბიუჯეტს აპროტესტებდნენ.
ბრუნეის სულთანი, სულთან ჰასალან ბოლკია, მსოფლიოს მეორე უმდიდრესი მონარქია. მისი ქონება $28 მილიარდადაა შეფასებული, რომელიც ძირითადად ნავთობსა და ბუნებრივ აირში ინვესტიციების წყალობითაა დაგროვებული. სექტორი ქვეყნის ეკონომიკის საყრდენია, ბრუნეის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი სწორედ ნავთობის შემოსავლებზე მოდის. სულთანის საკუთრებაშია $5-მილიარდიანი კოლექცია, რომელშიც 7 ათასამდე მანქანა შედის და რამდენიმე კერძო თვითმფრინავიც.
რეიტინგის მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი ახლო აღმოსავლეთის სამი მონარქი ნაწილდება, ესენია: მეფე სალმაბ ბინ საუდი (საუდის არაბეთი), შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი (აბუ-დაბი) და შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი (დუბაი). მათი სიმდიდრე $14 მილიარდიდან $18 მილიარდამდე მერყეობს. თუმცა შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი 2022 წლის მაისში გარდაიცვალა, მისი ადგილი კი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა დაიკავა.
რეიტინგის ათეულში შედიან ევროპელი მონარქებიც, მათ შორის ლუქსემბურგიდან და ლინხეშტაინიდან, თუმცა მათი ქონება $10-მილიარდიან ნიშნულს არ სცდება. ათეულს ასრულებს მონაკოს პრინცი ალბერტ II, რომლის ქონება $1 მილიარდს შეადგენს. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, რეიტინგის ათეულში შესაძლოა შედიოდნენ ინგლისის მეფე ჩარლზ მესამე და ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოს პირველი, $2-მილიარდიანი ქონებით.
მსოფლიოს უმდიდრესი მონარქები:
- მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი, ტაილანდი – $43 მილიარდი
- სულთან ჰასალან ბოლკია, ბრუნეი – $28 მილიარდი
- მეფე სალმან აბდულაზიზ ბინ საუდი, საუდის არაბეთი – $18 მილიარდი
- ემირი ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი, აბუ-დაბი – $18 მილიარდი
- ემირი შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი, დუბაი – $14 მილიარდი
- დიდი ჰერცოგი ჰენრი, ლუქსემბურგი – $4 მილიარდი
- პრინცი ჰანს ადამ მეორე, ლიხტენშტაინი – $4 მილიარდი
- ემირი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი, კატარი – $2 მილიარდი
- მეფე მუჰამედ მეექვსე, მოროკო – $2 მილიარდი
- პრინცი ალბერტ მეორე, მონაკო – $1 მილიარდი