ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა. მილიარდერ ალიშერ უსმანოვს, კომპანია Metalloinvest-ის სახელით, „ლიბერთი ბანკში“ განთავსებულ მილიონობით ევროს ღირებულების აქტივებზე წვდომის აღდგენა სურს. აშშ-მა Metalloinvest-ი და რუსი ბიზნესმენი რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ დაასანქცირა.
შვეიცარიაში რეგისტრირებული სამთო და მეტალურგიული ფირმა Metalloinvest-ი რუსული საინვესტიციო ჰოლდინგ USM-ის შვილობილი კომპანიაა. USM-ის დამფუძნებელი და უმსხვილესი აქციონერი კი, კომპანიის 49%-იანი წილით, სწორედ პუტინთან დაახლოებული უზბეკური წარმომავლობის რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვია. აქციონერთა შორის უსმანოვთან ერთად 30%-იანი წილით არიან ვარვარა და ვლადიმირ სკოჩები, ხოლო ჰოლდინგის 8% ფარჰად მოშირის საკუთრებაშია.
სასამართლოში უსმანოვის ფირმის ინტერესებს ქართული იურიდიული კომპანია MKD Law იცავს. აღსანიშნავია, რომ სწორედ MKD Law წარმოადგენდა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ისთან სასამართლო დავაში. როგორც მომჩივანი მხარე აცხადებს, ქართულმა სასამართლომ მათი სარჩელი უკვე მიიღო, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება საქმის წარმოება, უცნობია.
მოსარჩელე მხარის ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკმა“ უსმანოვს მასთან განთავსებულ მილიონობით ევროს ღირებულების აქტივებზე წვდომა სრულად აპრილში შეუჩერა. მათივე მტკიცებით, აქტივებზე წვდომა სანქციების წესის ზედმეტად ფართო და მკაცრი განმარტებით შეიზღუდა, ვიდრე ამას თავად აშშ-ის სანქციები მოითხოვდა. MKD Law-ის თქმით, აქტივის გაყინვის მომენტში არ არსებობდა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ნორმატიული დოკუმენტი საქართველოში სანქციების იმპლემენტაციის შესახებ და „ლიბერთი ბანკი“ მხოლოდ სებ-ის მხრიდან კომერციული ბანკებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილს დაეყრდნო.
ალიშერ უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ მილიარდერი 19 სხვა რუს ბიზნესმენთან ერთად გასული წლის მარტში დაასანქცირა. მიზეზად კრემლთან ახლო ურთიერთობა და რუსული აგრესიის დაფინანსება დასახელდა.
იმ ფაქტს, რომ გასული წლის მარტში სანქცირებულ ოლიგარქს, საქართველოში არსებულ აქტივებზე წვდომა მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში შეეზღუდა, გამოხმაურება უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ უსმანოვის მიერ ამ პერიოდში ქართული ანგარიშების გამოყენება ნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან ერთად არღვევდა საერთაშორისო სანქციებს.
აღნიშნული ბრალდებების საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა „ლიბერთი ბანკმა“, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკი სრული პასუხისმგებლობით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს, ზემოთ ხსენებული სარჩელი კი ამის პირდაპირი მტკიცებულებაა.
ბანკის განმარტებით: „მოსარჩელე სანქცირებული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი გახლავთ ალიშერ უსმანოვი, რომელიც ინდივიდუალურად დასანქცირდა 2022 წლის მარტში, ხოლო მის კომპანიას ჰქონდა წვდომა საბანკო აქტივებზე (მათ შორის სს ლიბერთი ბანკში) უშუალოდ ამ კომპანიის დასანქცირებამდე – 2023 წლის აპრილამდე“.
„ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციითვე, 2022 წლის მარტში ალიშერ უსმანოვის დასანქცირებისას გამოიცა ე.წ General License #15, სადაც OFAC-მა განმარტა, რომ სანქციები არ ვრცელდებოდა უსმანოვის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე, თუ თავად ეს კომპანიები არ მოხვდებოდნენ სანქცირებულთა სიაში. Metalloinvest-ი მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში დასანქცირდა, მანამდე კი სარგებლობდა როგორც „ლიბერთი ბანკის“, ასევე სხვა ევროპული ბანკების მომსახურებითაც. ბანკში განთავსებულ აქტივებზე კომპანიას წვდომა უშუალოდ მისი დასანქცირების თარიღიდან შეეზღუდა.
სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. თურნავას განცხადებით, დოკუმენტები სულ ახლახან მიიღეს და ამ ეტაპზე გაცნობის პროცესში არიან, რის შემდგომაც იურიდიული დეპარტამენტი სასამართლოში პოზიციების დასაცავად შესაგებელს მოამზადებს. „ეს დავაც ადასტურებს, რომ საქართველო ვერასოდეს და არასოდეს იქცევა სანქციების გვერდის ავლის ადგილად, ჩვენი ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა იცავენ საერთაშორისო სანქციებს”, – აღნიშნავს თურნავა.
თუმცა საქმესთან დაკავშირებით საინტერესო კიდევ ერთი ფაქტია. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის დაშვებული გამონაკლისი, რომელსაც ახლა უსმანოვიც ითხოვს. რუსი ოლიგარქის წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეჟიმი წინააღმდეგობაში მოდის საკუთრების უფლებასა და ხელშეუხებლობასთან.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე პროკურორისთვის გამონაკლისი ბრძანება გამოსცა და სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. სებ-ის ბრძანებით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში აღსრულდება.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, უზბეკური წარმომავლობის რუსი ოლიგარქი $14.5 მილიარდის ქონებას ფლობს და მსოფლიოს 117-ე უმდიდრესი ადამიანია. უსმანოვსის ქონების უდიდესი ნაწილი Metalloinvest-ში მის 49%-იან წილზე მოდის, დამატებით კი იგი აქციებს ფლობს Xiaomi-ში და სხვა სატელეკომუნიკაციო, სამთო-მოპოვებით და მედიაკომპანიებში. გარდა ამისა, უსმანოვი 2000-2014 წლებში რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატ „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია „გაზპრომ ინვესტჰოლდინგს“ ხელმძღვანელობდა. 2022 წლამდე იყო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი.
„მე ვამაყობ, რომ ვიცნობ პუტინს და ის, რომ ის ყველას არ მოსწონს, პუტინის პრობლემა არ არის. არა მგონია, ნაგასაკის შემდეგ მსოფლიოს უყვარდეს ტრუმენი“, – სწორედ ეს სიტყვები ეკუთვნის 70 წლის რუს მილიარდერს, რომელიც რუსეთის ღირსების მედლითაა დაჯილდოებული.