წელს Forbes-ის მილიარდერთა სიაში 2,781 ადამიანია, რომელთა ქონება ჯამურად $14.2 ტრილიონს შეადგენს. სიას წელს 265 ახალწვეული ჰყავს. თუმცა 2023 წელი არსებული მილიარდერებისთვის თანაბრად წარმატებული არ ყოფილა. 2024-ში Forbes-ის მილიარდერთა სიას 189 ადამიანი მოაკლდა.
ყველაზე მეტი მილიარდერი გასულ წელს ჩინეთმა დაკარგა. ჩინელი მილიარდერების რიცხვი Forbes-ის სიაში 133-ით შემცირდა, რაც საერთო კლების 70%-ია. სანაცვლოდ, აშშ-მა, რომელსაც ყველაზე მეტი მილიარდერი ჰყავს, სიიდან მხოლოდ რვა მათგანი დაკარგა. Forbes-ის უმდიდრესთა სიაში ასევე აღარ იმყოფება ექვსი იაპონელი და ხუთი რუსი მილიარდერი.
ყველაზე დიდი მოცულობით ქონება უძრავი ქონების ინდუსტრიის მაგნატმა, ჩინელმა ვანგ ვენინმა დაკარგა. მისი ქონება ერთ წელში $19 მილიარდიდან $800 მილიონამდე შემცირდა, რისი მიზეზიც ჩინეთის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ვანგის აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით.
გასულ წელს გაკოტრდა და $6 მილიარდი დაკარგა ავსტრიელმა ბიზნესმენმა რენე ბენკომაც. მისი უძრავი ქონების ფირმამ სესხის გადახდა ვერ შეძლო და იძულებული გახდა, გაკოტრების შესახებ განაცხადი გაეკეთებინა. 2023 უიღბლო წელი აღმოჩნდა უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე ჩინელი მილიარდერი ჰუი კა იანისთვისაც, რომლის ქონებაც $3 მილიარდიდან $700 მილიონამდე შემცირდა.
მსოფლიოს მეორე ყველაზე მსხვილი კოსმეტიკის ბრენდის, Estee Lauder-ის აქციათა ფასის 36%-ით შემცირების გამო, კომპანიის 1%-იანი წილის მფლობელი გარი ლაუდერი მილიარდერთა სიიდან ამოვარდა. მისი ქონება $1.3 მილიარდიდან $960 მილიონამდე შემცირდა.