მოკლე პასუხი ამ კითხვაზე, არის – „ყველა“. დიახ, საქართველოს ყოველი მოქალაქე იხდის გადასახადებს, მიუხედავად იმისა, იცის მან ეს თუ არა.
პრობლემა, რომელზეც დღეს მინდა ვისაუბრო, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს გაცნობიერებული, რომ ის გადასახადის გადამხდელია და რომ ბიუჯეტში არსებული ფული რეალურად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მათი, ანუ ხალხის ფულია. ჩვენ ხშირად გვსმენია სიტყვები „გადასახადების გადამხდელების ფული“, თუმცა ეს ფრაზა ჰოლივუდურ ფილმებში უფრო ბუნებრივად ისმის, ვიდრე ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენთვის მას რამე შინაარსი არ გააჩნია.
საქართველოში ორი ტიპის გადასახადი არსებობს – პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირია, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი, არაპირდაპირი კი დღგ, აქციზი და იმპორტის გადასახადი. არაპირდაპირი გადასახადი იმას ნიშნავს, რომ გადასახადს რეალურად სხვა იხდის, თუმცა საგადასახადო ტვირთი მოდის მომხმარებელზე, საბოლოო მომხმარებელზე. როცა ჩვენ აქციზურ საქონელს ვყიდულობთ (ბენზინი, ალკოჰოლი, თამბაქო…) არაპირდაპირ ვიხდით აქციზს, ის შედის ღირებულებაში, ან როცა ვყიდულობთ ნებისმიერ საქონელს, რომლის რეალიზაცია დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებული არაა, ვიხდით დღგ-ს, რომელიც ფასში შედის, მაგრამ ჩვენ ვიხდით სინამდვილეში, ასევეა იმპორტის გადასახადის შემთხვევაშიც და, მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი რამ იმპორტირებული გვაქვს.
არაპირდაპირი გადასახადების გადამხდელობის აღქმა რთულია და ამაზე მუშაობა სამომავლოდ გადავდოთ, შედარებით მარტივია ადამიანებს გავაცნობიერებინოთ პირდაპირი გადასახადის, ანუ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელობა.
შეგიძლიათ ჩაატაროთ მარტივი ექსპერიმენტი – ჰკითხოთ თქვენს გარშემომყოფებს, რამდენი აქვთ ხელფასი და ისინი გეტყვიან იმ თანხას, რომელსაც ისინი ხელზე იღებენ. სინამდვილეში, ცხადია, ხელზე აღებულ თანხაზე 25%-ით მეტია მათი ანაზღაურება და ეს 25% მიდის ბიუჯეტში. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ, დავუშვათ, ხელზე 1000 ლარს ვიღებთ ყოველთვიურად, ბიუჯეტში წლის განმავლობაში 3000 ლარს ვიხდით მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით. ჩვენ ვერ აღვიქვამთ ამას, რადგან ყოველთვიურად 1000 ლარი გვერიცხება, თუმცა სხვანაირად რომ იყოს – ჯერ გვერიცხებოდეს 1250 ლარი, და სახელმწიფო მერე გვართმევდეს უკვე ჩარიცხულ თანხას, გაცილებით მეტად ვიგრძნობდით, რომ გადამხდელები ვართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია გავრცელებული მსგავსი პრაქტიკა და ამ ქვეყნებში საკმაოდ მაღალია საგადასახადო კულტურა. მესმის, რომ ეს რადიკალური ზომაა და ამის ადმინისტრირება არც მარტივია და არც იაფი, თუმცა შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ადამიანებს გაუჩნდებათ იმის შეგრძნება, რომ ბიუჯეტის ფული რეალურად მათი ფულია! ადმინისტრირება რომ არ გავართულოთ, შეიძლება გადასახადის გადახდა ხდებოდეს წელიწადში ერთხელ, ასევე დამსაქმებელსაც დავუტოვოთ კონტროლის მექანიზმი, მას შეეძლოს წლის ბოლოს ხელფასის დაკავება ურჩი გადამხდელებისთვის.
ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას, ნებისმიერ ხელისუფლებას. თუმცა გასაგებია, რომ ეს არ შედის მათ მოკლევადიან ვიწრო ინტერესებში, რადგან თუ ხალხში გაძლიერდა იმის აღქმა, რომ ბიუჯეტის ფული ქვეყნის მმართველებს კი არა, გადასახადის გადამხდელებს ეკუთვნით, ხელისუფლებები ვეღარ გამოიყენებენ საბიუჯეტო რესურსს წინასაარჩევნოდ ან სხვა პირადი ინტერესებისთვის.
როგორც აღვნიშნე, ეს რადიკალური ზომაა და ამიტომ უფრო მარტივი ვარიანტის მოფიქრებაც შეიძლება – მაგალითად, ჩარიცხვასთან ერთად დასაქმებულს ეგზავნებოდეს მოკლე ტექსტური შეტყობინება მსგავსი შინაარსით: „2021 წლის სექტემბერში თქვენმა ხელფასმა შეადგინა 1250 ლარი, საიდანაც 1000 ლარი გერიცხებათ თქვენ, 250 ლარი კი ირიცხება ბიუჯეტში“. დამსაქმებლებსაც შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით მსგავსი შეტყობინების თავიანთი თანამშრომლებისთვის გაგზავნა. ასევე შეიძლება ინტერნეტბანკში ყოველთვიურ ხარჯებში გაჩნდეს გადახდილი გადასახადების გრაფა. მერწმუნეთ, გადასახადები პირველ ადგილზე თუ არა, მეორეზე მაინც მოხვდება.
საშემოსავლო გადასახადი საქართველოში პროპორციულია განსხვავებით ბევრი განვითარებული ქვეყნისგან, სადაც პროგრესული გადასახადებია დამკვიდრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში მაღალშემოსავლიანი ადამიანები იხდიან უფრო მაღალი განაკვეთით, ვიდრე დაბალშემოსავლიანები. ამასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გვაქვს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან (IMF), თუმცა საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს არათუ პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლას, არამედ ამ საკითხზე დისკუსიის დაწყებასაც კი. უდავოა, რომ საქართველოში არსებული სისტემა ღარიბ მოსახლეობას განსაკუთრებით სტრესავს და რადგან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ღარიბია, ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია, ამიტომ ჯერჯერობით მეც არ ვემხრობი პროგრესულ გადასახადებზე გადასვლას. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის გარკვეული სტიმული გამდიდრებისთვის, რაც ჩვენს რეალობაში პირველი რიგის ამოცანაა.
ღარიბი მოსახლეობისთვის საგადასახადო წნეხს კიდევ უფრო ზრდის არაპირდაპირი გადასახადები და განსაკუთრებით დამატებული ღირებულების გადასახადი. ეს ნაკლებად თვალსაჩინოა, თუმცა რეალურად დღგ შედის იმ პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობაში, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვყიდულობთ. საქსტატმა შეიმუშავა საგადასახადო კალკულატორი, სადაც შეგვიძლია ჩავწეროთ ჩვენი შემოსავლები და ხარჯები (ტიპების მიხედვით) და კალკულატორი გვითვლის გადახდილ გადასახადებს – როგორც პირდაპირს, ასევე არაპირდაპირს. ჩვენი საგადასახადო ტვირთი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის პროდუქციას მოვიხმართ და ის შეიძლება იყოს 30%-40% შემოსავალთან მიმართებით. თან გასათვალისწინებელია, რომ აქ დარიცხული ხელფასი იგულისხმება და არა ის, რასაც „ხელზე“ ვიღებთ. შესაბამისად, ხელზე აღებულ ხელფასთან მიმართებით ჩვენი გადახდილი გადასახადები ხშირად 50%-საც კი სცდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ყოველთვიურად 1000 ლარს იღებთ, 500 ლარს იხდით გადასახადების სახით.
ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, ხალხში იყოს იმის აღქმა, რომ გადასახადების გადამხდელები არიან. ეს გაზრდის ხალხის მიერ ხელისუფლებაზე კონტროლის ხარისხს და ხელისუფლებებს მინიმუმ მყარი არგუმენტების მოფიქრება მოუწევთ იმისთვის, რომ ხალხის ფულით დააფინანსონ, მაგალითად, საპარტნიორო ფონდი, რკინიგზა თუ არასტანდარტული ვაშლის წარმოება…
დატოვე კომენტარი