არარეზიდენტ კომპანიებთან 2018 წლის მანძილზე ტენდერების გზით დაიდო 61 ხელშეკრულება, რომელთა ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამაც 122 მილიონ ლარზე მეტს გადააჭარბა.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით კრიტერიუმებისა და გამჭვირვალობის პრობლემაზე საუბრობენ. კერძოდ, ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა:
“ჩვენ ხშირად ვაწყდებით გამჭვირვალობის ნაკლებობას გადაწყვეტილებების მიღებისას, იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იგებს ტენდერს. ამ საკითხების ნაწილის გადაწყვეტა მოხდა ევროკავშირის TWINNING პროგრამის ფარგლებში, ვიმედოვნებ ეს სამომავლოდ მეტ შედეგს გამოიღებს”, – ამბობს ელჩი.
ტენდერებში არსებული კრიტერიუმების ხარვეზებზე მიანიშნებს იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი:
“შესყიდვებთან მიმართებით მხოლოდ გამჭვირვალობაში არ არის საქმე, არამედ საყურადღებოა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება შერჩევა. ასეთია მაგალითად ხარჯების დინამიკა და ის, რომ ყველაზე მნიშნელოვანი ფასის სიმცირე არ არის. აი მაგალითად როდესაც აშენებთ მაგისტრალს ან ხიდს, თანხა შეგიძლია გაანაწილო ორი მიმართულებით. მშენებლობის ეტაპზე დახარჯო ნაკლები, თუმცა შემდგომ ნაგებობის შენარჩუნებისა და რენოვაციისთვის დახარჯო გაცილებით მეტი, და მეორე გზა, როდესაც გადაწყვეტ რომ მოაწყო უფრო მდგრადი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაძლებს უფრო დიდხანს”, – ამბობს ელჩი ინტერვიუში და დასძენს, რომ ეს არამხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების გამოწვევაა.
“მაგალითად 100 კილომეტრი მანძილის გზას გაიყვანენ პირობითად 100 დოლარად როცა ამ ფასად მხოლოდ 80 კილომეტრის გაყვანაა შესაძლებელი. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ თუ 80 კილომეტრს გაიყვანს ამ ფასად, ეს გზა უფრო გამძლე და ეფექტიანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ შემთხვევაში ფოიერვერკის გაშვება და იმაზე აპელირებამ, რომ გზისთვის გადასახადების გადამხდელების თანხა იხარჯება, არასწორია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს თანხა ადრე თუ გვიან დასაბრუნებელია და ისევ და ისევ იმის დასაბრუნებელია, ვინც ამ პროექტებს ახორციელებს.
ჩვენ ვიცით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის უმეტეს შემთხვევაში უცხოურ, გამოცდილ კომპანიებს ქირაობს სახელმწიფო. მათი დაქირავება ხდება იმიტომ რომ მათ აქვთ გამოცდილება გზატკეცილებისა და ხიდების აშენების კუთხით. ადგილობრივმა მწარმოებლებმაც უნდა ისწავლონ, რათა მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ აშენება. ახლა უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ მათ გვერდით ისეთმა ქართველმა პარტნიორებმა იმუშაონ, რომლებსაც აქვთ მათგან სწავლის პირობები და უნარები. თუ ყოველთვის იგივე მეთოდით მიუდგებით შესყიდვებს და შერჩევის პროცესს, რა გამოვა, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე ჯგუფს არგებთ ამ გადაწყვეტილებით. ერთი მხრივ უნდა იყოს შესაძლებლობები ადგილობრივი კომპანიებისთვის და ასევე სამომავლოდ ეს გახდება მამოძრავებელი ადგილობრივი კომპანიების ზრდისთვის”, – ამბობს ელჩი.
რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, 2018 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 4,087,214,400 ლარი შეადგინა. მათგან ელექტრონული პროცედურებით განხორციელდა 3,308,643,197 ლარის შესყიდვები, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ კი 778,571,203 ლარი შეადგინა.
გამოდის, რომ განხორციელებული შესყიდვების ღირებულების 81% სწორედ გამარტივებულ ხელშეკრულებებზე მოდის.
შესყიდვების სააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს უცხოელი მიმწოდებლების რაოდენობამ 1,700-ს მიაღწია. არარეზიდენტ კომპანიებთან 2018 წლის მანძილზე ტენდერების გზით დაიდო 61 ხელშეკრულება, რომელთა ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამაც 122 მილიონ ლარზე მეტს გადააჭარბა, რამაც შეადგინა საქართველოში ტენდერებით შესყიდული მთლიანი მოცულობის 4%.
სისტემაში რეგისტრირებულ არარეზიდენტი მიმწოდებლების რაოდენობა ტოპ-10 ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
უკრაინა – 302
თურქეთი – 210
რუსეთი – 163
აზერბაიჯანი – 111
ჩინეთი – 89
გერმანია – 86
იტალია – 76
დიდი ბრიტანეთი – 52
სომხეთი – 45
აშშ – 35
დატოვე კომენტარი