ქართული კალათბურთი ვირტუალურად პერსპექტიულია. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ნაკრების გასვლა, სამწუხაროდ, მომავლის გათოშილ პეიზაჟს დაემსგავსა, რომლის ფონს ფერფლის წვიმა და სიცარიელე ავსებს. იდეალური თემა იერონიმ ბოსხისთვის. რომელიც ამ სიცარიელეს ფუნჯით ამოავსებდა. საქართველოს ნაკრები ბოსხს გარკვეული მიზეზის გამო ვერ დაუძახებს და სიცარიელე არ ივსება. თითქმის ერთი და იმავე შემადგენლობით ვიწყებთ კიდევ ერთ საკვალიფიკაციო ციკლს და კიდევ ერთხელ გვაქვს ზაზა ფაჩულიას, მანუჩარ მარკოიშვილის, ვიქტორ სანიკიძის, გიორგი ცინცაძის, თორნიკე შენგელიას, (ალბათ) ბექა ბურჯანაძის, (უმნიშვნელოდ) დუდა სანაძის, გიორგი შერმადინის იმედი. ძველი ბიჭები ბრუნდებიან.
ნაკრებში არ იწყება თაობათა ცვლის პროცესი. ვერ დაიწყება. ჩვენთან მოდაში იყო კორპორაციული თაღლითობა: ბავშვებისთვის ასაკის გადაკეთება და მინიმალური ჯეკპოტით სარგებლობა. მოიგე, მოხსენი, დაახურდავე მოგება და გააგრძელე ილუზიონში ცხოვრება. მთელი კალათბურთი ბოლო წლებში ლიცენზირებული ილუზიონი გახდა.
დღეს თბილისში კალათბურთის ხუთი ძირითადი აკადემია არის – “ჰიუნდაი”, “დინამო”, ზაზა ფაჩულიას აკადემია, “მართვე” და “აკადემია”.
ყველაზე წარმატებული, შედეგიანი და, შესაბამისად, მშობლებისთვის მიმზიდველი არის “აკადემია”. გელა წულაძის, გია კაზანჯიანის საინტერესო მუშაობა, სელექციონერების პროფესიონალიზმი ამ გუნდს მეტ მოქნილობას ანიჭებს. ფუნქციონირებს ჯგუფები, სადაც ექვსიდან ოც წლამდე მსურველები ვარჯიშობენ. და ბოლო პერიოდში “აკადემია” თითქმის ყველა ასაკობრივ ჩემპიონატს იგებს.
“აკადემიაში” არის 18 ჯგუფი. თითო ჯგუფში – 15 ბავშვი. თითო ბავშვის მომზადება ჯდება თვეში 60 ლარი. ასაკით დიდებისთვის (17 წლამდე) ამ თანხაში შედის მგზავრობა, ეკიპირება, ბურთი (15 წლის შემდეგ). 17 წლის შემდეგ მოთამაშე თავისუფალია გადასახადისგან. მწვრთნელის საშუალო ხელფასი შეადგენს 800 ლარს. “აკადემიის” საუკეთესო წარმომადგენლები არიან გიორგი ცინცაძე, მიხეილ ბერიშვილი, რევაზ დიდია, მერაბ ბოქოლიშვილი და ოთარ ფხაკაძე. ყველა სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე, ზოგი ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანეს. “აკადემიაში” დაიწყო კარიერა ბექა წივწივაძემ. და ამ შემადგენლობიდან საქართველოს გარეთ მაღალი დონის კალათბურთი მხოლოდ ცინცაძემ ითამაშა. დღესაც თამაშობს.
ნაკრები შევსებას ვერ იღებს. ყველაზე წარმატებული აკადემია, სადაც პროფესიონალები მუშაობენ, მინუსშია. სხვები “აკადემიას” ჩამორჩებიან. არასაკმარისი სამწვრთნელო ერუდიცია, დილეტანტები ბევრ სფეროში, არარსებული ფიზმომზადების ჯგუფი – ცოტა რთულია შექმნა წარმატებული ფრანშიზა ამ კომპონენტების გარეშე.
“აკადემიაში” გია კაზანჯიანი დაარსების დღიდან მუშაობს. რა არის ქართულ კალათბურთში ნიჭის დეფიციტის მიზეზი?
გია კაზანჯიანი: “აკადემიაში გათბობა 2011-ში ჩაირთო. მანამდე რამდენი წლის განმავლობაში, ნოემბრიდან მარტამდე მწვრთნელები პალტოებით ვატარებდით ვარჯიშებს, ბავშვებიც თბილად იყვნენ. გარდა ამისა, მხოლოდ ერთი დარბაზი გვქონდა (დღეს უკვე ორია) და მძიმე პირობების გამო, ბავშვების რაოდენობაც შეზღუდული იყო. ვარჯიშებს მხოლოდ მე და გელა წულაძე ვატარებდით და გვყავდა მხოლოდ 3-4 ჯგუფი. დაახლოებით, 50 ბავშვის შემადგენლობით. ვიყინებოდით. სხვაგანაც იგივე პირობები იყო”.
გამყინვარების პერიოდიდან ქართული კალათბურთი საქართველოს ნაკრების წარმატებამ გამოიყვანა. 2011. გავდივართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ძირითადი ბირთვი არ იცვლება. ამ საკვალიფიკაციომდე ვთამაშობთ ქვედა დივიზიონიდან ერთი ეშელონით ზემოთ ასასვლელ ტურნირში და შემადგენლობა იქაც იდენტურია. ნიკა ცქიტიშვილი, ლაშა გამყრელიძე და ნაკრების დღევანდელი მწვრთნელი კოტე ტუღუშიც იმ გუნდში იყვნენ.
გაიზარდა კლუბების დაფინანსება და კალათბურთი მოდაში იყო. როგორც “დიზელის” ჯინსი, როგორც გრეიპფრუტის ფრეში, რომელიც არავის არ მოსწონს, მაგრამ მაინც ყველა ამ სიმწარეს იღებს. როგორც ყველაფერი, რაც ჩვენთვის ზედაპირული და გაუგებარია.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მუშაობს, ზრდის გუნდების დაფინანსებას, რომელსაც, იდეაში, არ უნდა ზრდიდეს, მაგრამ ზრდის. 2014/2015 წლების სეზონში სახელმწიფო დაფინანსებით სუპერლიგის თითო გუნდი იღებს 400 000 ლარს. ერთი წლის შემდეგ ეს ციფრი გაიზარდა 30 000 ლარით. დღეს, დაახლოებით, 172 000 ამერიკული დოლარი. პლუს, ბონუსად, დაწესდა საპრიზო ფონდი 250 000 ლარის ოდენობით. ჩემპიონი იღებს 100 000 ლარს, მეორე ადგილი – 70 000, მესამე – 50 000, მეოთხე – 30 000. უკვე საინტერესოა. უკვე მოტივაცია მოდის. უკვე იწყება ბრძოლა უკეთესი ლეგიონერების დასაკონტრაქტებლად. და კალათბურთი მაინც გაყინულია. კალათბურთი ნეოლითში დარჩა.
კალათბურთი დგას. ალბათ, უკან არ მიდის, მაგრამ დგას. მთავარი მიზეზები: 1. არაკვალიფიციური მწვრთნელები; 2. ბავშვებში ნიჭის დეფიციტი; 3. მწვრთნელები – სუსტი მოტივატორები, რომლებიც არ მუშაობენ საკუთარ თავზე. ეს პირველი პუნქტის ნაშთია, მაგრამ მაინც, იყოს ცალკე პუნქტად.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წინა პრეზიდენტის გუნდმა სემინარებზე სლოვენიელი მწვრთნელი რომ ჩამოიყვანა, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში შეკრებილი ქართველი მწვრთნელების დიდი ნაწილი გაღიზიანებული იყო. ინტერესის დეფიციტი სლოვენიელის სიმშვიდემ და მისმა ერუდიციამ გამოიწვია. მწვრთნელების ნაწილი იქვე, დარბაზში, სიგარეტს ეწეოდა, ნაწილი გავიდა და დარბაზის შესასველში დომინოს თამაში დაიწყო. სრული ქაოსი. ქართული ქაოსი.
მწვრთნელების დიდმა ნაწილმა ან საერთოდ არ იცის, ან თითქმის არ იცის უცხო ენა,რომ ფედერაციამ საზღვარგარეთ სემინარებზე გაუშვას. ეს ხელს გიშლის ამ სახეობაში თანამედროვედ აზროვნებაში.
არ არსებობს არანაირი PR. ბევრმა ამის მნიშვნელობაც კი არ იცის.
შეიცვალა სუპერლიგის რეგულარულის სისტემა. ბოლო ადგილზე გასული ვარდება პირველ ლიგაში. შესაბამისად, რჩება სოლიდური დაფინანსების გარეშე და ისედაც რეგრესირებულ პროცესში, რამდენიმე ნაბიჯს კარგავს.
სასიხარულოა, რომ გაუმჯობესდა ქართველი მწვრთნელების ხელფასები. იმ პერიოდში, როდესაც რამდენიმე გუნდი (“არმია”, შსს, “ოლიმპი”) საუწყებო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, ხელფასები უფრო დიდი იყო, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსების ფონზე, დღეს მწვრთნელებს ნორმალურად უხდიან. გია კაზანჯიანი, რომელიც უმაღლესი ლიგის “ოლიმპში” მთავარი მწვრთნელი იყო, თვეში 2 200 ლარს იღებდა. “ოლიმპში” ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე იყო მილან ოულიჩი – $1 900. ქართველებიდან – 3 000-3 000 ლარს იღებდნენ რეზო როგავა და რეზო დიდია. “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში 3 500 ლარს იღებს და ამ კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე, ზაურ ფაშაევი – 5 000 ლარს. “ქუთაისში” ყველაზე დაბალი ხელფასი 1 500 ლარია.
და მაინც უკან ვართ. და არ მოდის სანაკრებო შევსება. კი, დღეს 18-წლამდელთა ნაკრების რვა მოზარდი (გიორგი ცირეკიძე, ლუკა ბულაშვილი, ლევან ბაბილოძე, ვლადიმერ ფურცქვანიძე, გოგა ბითაძე, ნიკა დარბაიძე, გიორგი თვალაბეიშვილი, ნიკა ჩეჩელაშვილი) საზღვარგარეთ თამაშობს, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა ამ ბიჭების პროგრესზე საუბარი. ლეგიონერის სტატუსი არ ზრდის კლასს და არ ცვლის შენს პერსპექტივას.
ყველაზე წარმატებული აკადემია – “აკადემია” ფინანსურად ვერ იგებს. აგებს. ბავშვებისგან ყოველთვიურად შემოდის 10 000 ლარი. კალათბურთში 10 დატვირთული თვეა. შესაბამისად, “აკადემია” იღებს 100 000 ლარს. ყოველთვიურად მწვრთნელების ხელფასებზე გადის 9 000. წლიურად – 90 000. საშეჯიბრო მონაწილეობის თანხა – 5 ასაკობრივი გუნდიდან თითო იხდის 1 200 ლარს. შესაბამისად, 6 000 ლარს. ფორმა, მგზავრობა – სეზონზე აქაც 6000 ლარია საჭირო. გამოვიდა 102 000 ათასი ლარი. უკვე წაგებაზე გადავედით.
რჩება ელექტროენერგიის, გაზის გადასახადი. ეს თანხა თვიდან თვემდე იცვლება, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხაა. “აკადემია” უხდის იჯარას სახელმწიფოს, დაახლოებით 3 600 ამერიკულ დოლარს. დათვალეთ? პროცესში, გაუთვალისწინებელი ხარჯების გაუთვალისწინებლად, “აკადემია” ბევრს აგებს.
და მთლიანად იზოლირებულია დასავლეთი. საქართველოს ის ნაწილი, რომელიც ადრე ყველაზე დიდი დოზით გვაძლევდა საკალათბურთო აღმოჩენებს.
ქუთაისში არის ერთადერთი დარბაზი, რომელშიც უშვებენ მხოლოდ სუპერლიგის გუნდს. უმცროსები – 10,12, 14, 16, 18-წლამდელები თამაშობენ ბალახვანის სპორტსკოლაში, სადაც არის ასფალტის ორი კორტი, არასტანდარტული დარბაზი, სადაც სამიანს ნორმალურად ვერ ისვრი. დარბაზი, რომელიც არ თბება და დარბაზი, სადაც არ იყო საშხაპე. ზოგ გუნდს, იქ თამაშს, ურჩევნია, ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს. წააგებ, მაგრამ შენი მოთამაშე არ დაიმტვრევა.
საერთოდ არ არის გუნდი სამეგრელოში. სამტრედია და ზესტაფონი – უგუნდოდ. გამონაკლისის სახით, ზესტაფონი უმცროსების ფესტივალზე უშვებს გუნდს და ქალაქის საკალათბურთო ცხოვრება ამით მთავრდება.
მიდით სუპერლიგის თამაშზე. დაესწარით რომელიმე, ნებისმიერ ტესტს და შემდეგ საკუთარ თავს დაუსვით კითხვა – მომეწონა? უარყოფით პასუხამდე, წამოვა კიდევ ერთი კითხვა – ეს რა იყო? შესაბამისად, პირველ კითხვაზე პასუხი ისედაც გაცემულია.
გუნდების მფლობელები, პრეზიდენტები ასატანად მუშაობენ, მაგრამ ვერც ისინი და ვერც ფედერაცია ვერ გააკეთებს კალათბურთელის საქმეს. ისინი ვერ ითამაშებენ და ვერ შეცვლიან საქართველოს ნაკრებში ფაჩულიას, მარკოიშვილს, სანიკიძეს, ცინცაძეს, შენგელიას. ვერ შეცვლიან. უფლება არა აქვთ.
იზრდება საპრიზო ფონდი, სახელმწიფო დაფინანსება ქმნის მეტ პირობას და კალათბურთის ამბავში ძალიან უკან მივდივართ.
ორი წლის წინ კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ფინალში ერთ გუნდში იყვნენ მხოლოდ ვეტერანები და მეორეში – ვეტერანები და რამდენიმე მოქმედი, ახალგაზრდა, თავმოყვარე მოზარდი. მხოლოდ ვეტერანებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მაგრად მოიგო და ჩემპიონი გახდა. ვეტერანებმა მოქმედებს მოუგეს. იმ ფინალს 3 500 კაცი დაესწრო. ბევრად მეტი, ვიდრე – სუპერლიგის ფინალს. მოყვარულები იყვნენ პროფესიონალები და – პირიქით.
ქართული კალათბურთი უკვე დევიდ ლინჩის ან დარენ არონოვსკის სცენარის თემა ხდება. მწვრთნელები აკადემიებში კარგ ჰონორარებს იწერენ. მშობლები აკადემიებში კარგ დაპირებებს იღებენ. და ნაკრები ვერანაირ შევსებას ვერ იღებს. ქართული კალათბურთი ბეტმენის ორსახა პერსონაჟია. დავარცხნილი და მაინც მოუწესრიგებელი. ნორმალური დაფინანსებით და მაინც – უკან. სანაკრებო წინსვლით და მაინც უფრო უკან.
კარგებს ახლები ვერ შეცვლიან.
ნაკრებში გაურკვევლობა და ძველი ბიჭები ბრუნდებიან.
დატოვე კომენტარი