ვის ეკუთვნის Apple?

ვის ეკუთვნის Apple?

Apple-ი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა საბაზრო კაპიტალიზაციის, დიზაინის, წარმოების კუთხით. კომპანია სხვადასხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს ყიდის, მათ შორის სმარტფონებს, ტაბლეტებს, პერსონალურ კომპიუტერებს და სხვა. მისი ყველაზე ცნობილი პროდუქცია iPhone-ი, iPad-ი და Mac-ია. Apple-ი ასევე აფართოებს ბიზნესს მაგალითად, ე.წ ქლაუდ და სტრიმინგ სერვისებით. მათ შორისაა Apple TV+ და Apple Music.

Apple-ის 12 თვის შემოსავალი და წმინდა მოგება 2020 წლის 13 ივლისის მონაცემებით,  $268.0 მლრდ და $57.2 მლრდ-ია. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.7 ტრილიონს აღწევს.

კომპანიის უმსხვილესი აქციონერები არიან ართურ ლევინსონი, ტიმ კუკი, ალ გორი, ასევე, Vanguard Group-ი, BlackRock-ი და  Berkshire Hathaway-ი.

მათზე მოკლედ მოგიყვებით:

ართურ ლევინსონი

ლევინსონი Apple-ში 1,133,283 აქციას ფლობს, რაც მთლიანად აქციების 0.03%-ია. ლევინსონი 2011 წლიდან კომპანიის საბჭოს თავმჯდომარეა. ის Apple-ს 2000 წლიდან შეუერთდა. ლევინსონი საბჭოს სამივე კომიტეტში იყო: აუდიტის და ფინანსების, კორპორატიული მმართველობის და კომპენსაციის მიმართულებებით. ლევინსონი ბიოტექნოლოგიური კომპანია Genentech-ის ყოფილი თავმჯდომარე და კიდევ ერთი ბიოტექნოლოგიური კომპანია Calico-ს ამჟამინდელი აღმასრულებელი ხელმძღვანელია.

ტიმ კუკი

ტიმ კუკი Apple-ში 847,969 აქციას ფლობს, რაც აქციების 0.02%-ია. კუკი კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციას 2011 წლიდან იკავებს, მას შემდეგ რაც Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა. კუკი კომპანიას 1998 წლიდან შეუერთდა, ის თავიდან მთავარი საოპერაციო ოფიცერი იყო და პასუხისმგებელი იყო მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვებსა და ოპერაციებზე. ის ასევე ხელმძღვანელობდა Apple-ის Macintosh-ის მიმართულებას და მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში. Apple-მდე კი ტიმ კუკი კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი Compaq-ის ვიცეპრეზიდენტი იყო, ის ასევე IBM-ის ჩრდილოამერიკული რეგიონის დირექტორის პოზიციასაც იკავებდა.

ალ გორი

ალ გორი Apple-ში 113,585 აქციას ფლობს, რაც აქციების 0.01%-ია. ალ გორი ალბათ ყველას ახსოვს აშშ-ის 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, როდესაც ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყო. ის ასევე ქვეყნის 45-ე ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა. იყო ასევე სენატორი და კონგრესმენი ტენესის შტატიდან. როგორც ინვესტორი, ავტორი და მეწარმე, ალ გორი არის საინვესტიციო კომპანია Generation Investment Management-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე. როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი, გორი არის აქტიური გარემოს დამცველი და ასევე The Climate Reality Project-ის დამფუძნებელი. ის Apple-ის დირექტორთა საბჭოს 2003 წელს შეუერთდა.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ასეთი ინვესტორები Apple-ის აქციების 62%- ფლობენ. მათ შორის უმსხვილესია:

Vanguard Group

აღნიშნული კომპანია Apple-ში 336.7 მლნ აქციას ფლობს, რაც მთლიანი აქციების 7.8%-ს შეადგენს. ამის შესახებ 2020 წლის 31 მარტის კომპანიის ანგარიშიდან ირკვევა. Vanguard-ი ფონდი და მენეჯმენტ კომპანიაა, რომლის მართვაშიც დაახლოებით $6.2 ტრილიონის ღირებულების აქტივები შედის.

BlackRock

ეს კომპანია Apple-ში 274.7 მლნ აქციას ფლობს, რაც მთლიანი აქციების 6.3%-ს შეადგენს. BlackRock-ის მენეჯმენტ კომპანიას წარმოადგენს, რომლის მართვაშიც დაახლოებით $6.47 ტრილიონია.

Berkshire Hathaway

Berkshire Hathaway-ი კი Apple-ში 245.2 მლნ აქციას ფლობს, რაც კომპანიის სრული აქციების 5.7%-ს შეადგენს. ეს კომპანია ამერიკელ მილიარდერ ინვესტორს უორენ ბაფეტს ეკუთვნის, რომელიც დივერსიფიცირებული ბიზნესების ჰოლდინგური კომპანიაა. Berkshire Hathaway-ის პორტფოლიოში შედის სადაზღვევო, სარკინიგზო, ენერგობიზნესები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *