28 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილს ხმა 1,147,677 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 780,655- მა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე სახელმწიფოს მეთაურს კონსტიტუციური უფლებამოსილებები შეეზღუდა, ქვეყანა მმართველობის ახალ მოდელზე გადავიდა. დღეს პრეზიდენტს კანონის ინიცირებაც არ შეუძლია.
განსხვავებული უფლებამოსილების გამო, არსებობდა მოლოდინი, რომ პოლიტიკურად 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საარჩევნო კამპანიის ხარჯის მიხედვით იქნებოდა, მაგალითად, წინა საპრეზიდენტო არჩევნების ტოლფასი.
თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, არჩევნები გადაიზარდა ისეთ ბრძოლაში, რომლის ღირებულებაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში პრაქტიკულად უპრეცედენტოა. “ქართულ ოცნებას” “პრინციპული არჩევანი” ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ძვირი დაუჯდა.
იმას, რომ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” იმაზე ბევრად მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე ეს ოფიციალურ ანგარიშგებებშია მოცემული, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაც წერს. OSCE-ს შეფასებით: “
გამწვავდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მასშტაბები – ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გაზრდილმა მასშტაბმა კიდევ უფრო წაშალა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის”, – წერია დასკვნაში.
28 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილს ხმა 1,147,677 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 780,655- მა. თუ 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე ორი საპრეზიდენტო კანდიდატის შემოსავლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ზურაბიშვილმა შემოწირულებების სახით 4,436,722,73 ლარი მიიღო, ხოლო ვაშაძემ – 781,933 ლარი.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაზეც OSCE საკუთარ ანგარიშში წერს, მართალია, თვალსაჩინო იყო, თუმცა უცნობია, უშუალოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან რა თანხა დაიხარჯა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაზე. ამიტომაც ეს მონაცემი ამ კალკულაციაში გათვალისწინებული არაა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მამუკა ბახტაძის მიერ 19 ნოემბერს ვალების განულების შესახებ გაკეთებული განცხადება იყო. არსებული ინფორმაციით, ფონდი “ქართუ” ერთ წელზე ხანდაზმულ, 2000 ლარამდე მოცულობის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელს შეისყიდის და ჩამოწერს. მთავრობისვე გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანხა ჯარიმებისა და საურავების ჩათვლით 1,500,000,000 ლარს შეადგენს. ფონდ “ქართუს” აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, მათ ვალების განულების პროგრამისთვის 100,000,000 ლარი აქვთ რეზერვირებული.
ეუთოს ანგარიშის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ხმების ყიდვის ტოლფასი იყოს.
“საქართველოს 600 000 მოქალაქეს 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო საფინანსო უწყება დაუფარავს, რაც შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს. ხმების ყიდვა აკრძალულია საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით”, – წერია ანგარიშში.
თუ პროექტზე 100,000,000 დაიხარჯება, მაშინ სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ერთი ხმის ღირებულება არა 3.86 ლარი, არამედ ამაზე 87 ლარით უფრო ძვირი დაჯდა. თუ ამ თანხას 1.5 მილიარდი ლარიდან ვიანგარიშებთ, გამოვა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ერთი ხმა 1,306 ლარის ტოლფასი იყო.
ვალების განულების პროგრამის კანონიერებას მთავარი პროკურატურა სწავლობს.
შედარებისთვის: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიათა დეკლარირებული ხარჯების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ერთი ხმის მიღება 18.80 ლარი დაუჯდა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კი 2.14 ლარი. 2016 წელს საარჩევნო კამპანიის ხარჯების ერთ ხმასთან შეფარდება ყველაზე მაღალი იყო პაატა ბურჭულაძის პარტიისთვის, მას ერთი ხმის მიღება 75 ლარი დაუჯდა, თუმცა ამის მიუხედავად 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
დატოვე კომენტარი