გადახდების საერთაშორისო კომპანია VISA-ს კვარტალურმა ანგარიშმა Wall Street-ის ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა. მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავლები გაიზარდა, რაც გლობალური ეკონომიკის გაზრდის მიმართ მომხმარებელთა დადებითი მოლოდინით აიხსნება. კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ VISA-ს აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 2.7%-ით გაიზარდა.
ფინანსური ანალიტიკოსების განმარტებით, მიუხედავად მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა, აშშ-ის სამომხმარებლო ხარჯები გაიზარდა. ზრდა თითქმის ყველა მიმართულებაზე ფიქსირდება, ძვირად ღირებული ბილეთების შეძენით დაწყებული, საერთაშორისო მოგზაურობით დასრულებული.
VISA-ს აღმასრულებლების მიერ საერთო საკონფერენციო ზარზე გავრცელებული განმარტებებით, საერთაშორისო მოგზაურობის ტემპები აშშ-სა და ევროპაში თითქმის სრულად აღდგა. თუმცა აღდგენის იგივე ტემპი აზიის ბაზარზე არ შეინიშნება. სანაცვლოდ, მოგზაურობის დანაკლისი აზიის ბაზარმა ელექტრონული კომერციის მიმართულებით გააქტიურებით ამოავსო.
გადახდების უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიის კვარტალური ანგარიშის თანახმად, VISA-ს გადახდების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 16%-ით გაიზარდა საზღვრებსშორისი გადახდების მოცულობაც, რაც ძირითადად მოგზაურობის აღდგენის დამსახურებაა. მეორე კვარტალში კომპანიის მიერ დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობაც 11%-ით გაიზარდა.
Wall Street-ის ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ VISA-ს შემოსავლები მეორე კვარტალში $8.62 მილიარდს შეადგენდა. ანგარიშის თანახმად კი, კომპანიის შემოსავალმა $8.8 მილიარდი შეადგინა.
მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გასულ კვირას ამერიკულმა American Express-მაც გამოაქვეყნა.