კრიპტოვალუტა Ethereum-ის დამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის ქონება დაახლოებით 40%-ით შემცირდა. ვიტალიკმა ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერის სტატუსი მას შემდეგ დაკარგა, რაც კრიპტოვალუტის ბაზარმა კოლაფსი განიცადა.
Forbes-ის 12 მაისის მონაცემებით, ვიტალიკ ბუტერინის ქონება $1.4 მილიარდი იყო, დღეს კი მისი ქონება $850 მილიონამდეა შემცირებული. აღნიშნული კლება Ethereum-ის ფასის შემცირებითაა გამოწვეული. ცნობისთვის, Coinmarketcap-ის ბირჟის მონაცემების თანახმად, კვირის განმავლობაში Ethereum-ის ფასი 34%-ით შემცირდა და $2.620-ის ეკვივალენტურია.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მახლობლად, კოლომნაში დაბადებული 27 წლის ვიტალიკ ბუტერინი 4 მაისს მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერი გახდა, რაც Ethereum-ის ფასის ზრდამ განაპირობა. მაისის დასაწყისში ხსენებული კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულ ღირებულებას მიაღწია და $3000-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტების ფასების შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ბიტკოინების მიღებაზე უარი განაცხადა. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინეთის სახალხო ბანკის განცხადებამაც დიდი გავლენა იქონია კრიპტობაზარზე. შედეგად, Forbes-ის თანახმად, კრიპტოვალუტის მფლობელი მილიარდერების ქონება $15.5 მილიარდით შემცირდა.
დატოვე კომენტარი