ვიდეოთამაშების მწარმოებელი რუსული კომპანია My.Games-ი, რომელსაც ამ დრომდე რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია VK ფლობდა, ქართველმა ინვესტორმა, ალექსანდრე ჩაჩავამ $642 მილიონად შეიძინა, – ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების შედეგად ალექსანდრე ჩაჩავამ My.Games-ის ყველა აქტივი შეისყიდა, მათ შორის სტუდიები და ვიდეოთამაშების ფრენჩაიზები.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის მიერ ამ მიმართულების ბიზნესის გაყიდვის შესახებ პირველად ჯერ კიდევ მარტში დაიწერა, მაგრამ VK-მ ეს ინფორმაცია მალევე უარყო. ამ გარიგების უმთავრეს მიზეზად, მაშინაც და ახლაც სახელდება ის, რომ My.Games-ი შემოსავლის უდიდეს ნაწილს უცხოურ ვალუტაში იღებს, რაც კომპანიას პრობლემებს შეუქმნიდა, რადგან დასავლურმა სახელმწიფოებმა VK-ის გენერალური დირექტორი, ვლადიმირ კირიენკო სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანეს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ My.Games-ის მიერ შექმნილ ვიდეოთამაშებს შორის არის, როგორც პერსონალური კომპიუტერისთვის, ასევე კონსოლებისა და სმარტფონებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, რომელთაც კომპანია საკუთარი მარკეტპლეისიდან ყიდის. ამასთანავე, კომპანიას თორმეტი რეგიონული ოფისი აქვს, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, ევროპაში, აშშ-სა და აზიაში – საერთო ჯამში, ის ორი ათას თანამშრომელს ასაქმებს. საინტერესოა, რომ 2021 წელს, კომპანიამ $595 მილიონის შემოსავალი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ My.Games-ის ახალი მფლობელის, ალექსანდრე ჩაჩავას შესახებ ქართულმა საზოგადოებამ დიდად არაფერი იცის – ინფორმაცია არც ინტერნეტში იძებნება. როგორც მისი Linkedin-ის ანგარიშიდან ვიგებთ, ჩაჩავა კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული ინვესტორია, რომელიც რამდენიმე კომპანიაში მმართველი პარტნიორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებს – ერთ-ერთი ასეთი კომპანია ამერიკაში დაფუძნებული inDriver-ია, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ოპერირება საქართველოს ბაზარზეც დაიწყო.
დატოვე კომენტარი