ისრაელის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ოფისის ცნობით, პუტინმა პრემიერს სატელეფონო საუბრისას მოუბოდიშა. თუმცა, საინტერესოა, რომ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ბოდიშის შესახებ არაფერია ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტისემიტური განცხადებები ერთ-ერთ იტალიურ ტელევიზიაში ინტერვიუს დროს გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აპირებდა რუსეთი უკრაინის დენაციფიკაციას მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტიც კი ებრაელი იყო – ლავროვმა უპასუხა, რომ ებრაული სისხლი ჰიტლერსაც ჰქონდა. „შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაელობა არაფერს ნიშნავს“ – განაცხადა მან.
ბუნებრივია, აღნიშნულმა განცხადებამ ისრაელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ისრაელის პრეზიდენტმა რუსული მხარისაგან ბოდიშის მოხდა საჯაროდაც მოითხოვა. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ეს ერთჯერადი ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებდა.
გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად კი, ნაფტალი ბენეტმა ვლადიმირ პუტინის ბოდიში მიიღო და ებრაელ ხალხთან დამოკიდებულების განმარტებისთვის მას მადლობაც გადაუხადა. რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნული მხოლოდ ისაა, რომ ორმა მხარემ ჰოლოკოსტზე ისაუბრა.
დატოვე კომენტარი