მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ავტოკონცერნმა, Volkswagen-მა განაცხადა, რომ პარტნიორებთან ერთად ავტომობილების ელექტრობატარეების ბიზნესში €20 მილიარდს დააბანდებს, რითაც 20 ათას სამუშაო ადგილს შექმნის და 2030 წლისთვის, €20 მილიარდს მოცულობის შემოსავალს მოიზიდავს.
აღსანიშნავია, რომ VW-ის ავტომობილების ელექტრობატარეების წარმოების გლობალურ ბიზნესს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ახალი კომპანია – PowerCo უხელმძღვანელებს. საინტერესოა, რომ PowerCo ელექტრობატერეების წარმოების ყველა ეტაპზე იქნება პასუხისმგებელი, ნედლეულის მოპოვებითა და გადამუშავებით დაწყებული და ელექტროენერგიის შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნით დასრულებული.
ქალაქ სალცგიტერში ავტომობილების ელექტრობატარეების ახალი ქარხნის გახსნას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც ესწრებოდა. „დღეს დიდი დღეა გერმანული ავტოინდუსტრიისთვის“, – განაცხადა კანცლერმა.
ავტომობილების ელექტრობატარეების წარმოების კუთხით Volkswagen-ის გააქტიურება მოულოდნელი სულაც არ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანულ კომპანიას სურს, მზარდი ბაზრის წამყვან მოთამაშე გახდეს. საინტერესოა, რომ ამ გზაზე, კომპანიის მთავარი დაბრკოლება სწორედ ელექტრობატარეების საკმარისი რაოდენობით წარმოება იყო. თუმცა, როგორც ჩანს, VW ამ პრობლემას სულ მალე მოაგვარებს, რადგან 2030 წლისთვის, კომპანია რამდენიმე ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 240 გიგავატ-საათი იქნება.
აღნიშნული გეგმა ევროპის კონტინენტზე ექვსი ქარხნის აშენებას ითვალისწინებს. საინტერესოა, რომ სალცგიტერის ქარხანა ერთგვარ სანიმუშო ქარხნად მოიაზრება, რომლის მიხედვით მოეწყობა დანარჩენი ხუთი ევროპული და ორი ჩრდილო-ამერიკული ქარხანა. სალცგიტერის ქარხანა 40 გიგავატ-საათის სიმძლავრისა იქნება, რაც წელიწადში ნახევარი მილიონი ერთეული ელექტროავტომობილისთვის საჭირო ბატარეების წარმოებისთვის არის საკმარისი.
დატოვე კომენტარი