გერმანულმა ყოველდღიურმა გაზეთმა Handelsblatt-მა, კომპანიის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი და მისი პროგრამული უზრუნველყოფის დანაყოფი, Cariad-ი ახლოს არიან შეთანხმებასთან საავტომობილო მიმწოდებელ Bosch-თან. როგორც ჩანს, შეთანხმების მთავარ საგანს საავტომობილო პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, შეთანხმების შემდეგ გერმანული ავტომწარმოებელი პროექტში მინიმუმ ასი მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. ბოლო წლების განმავლობაში Volkswagen-მა პროგრამული უზრუნველყოფის დანაყოფის, Cariad-სათვის, საკმაოდ დიდი რაოდენობის რესურსი გამოყო. მას სურს, რომ საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა ჰქონდეს, რომელიც Tesla-სა და Alphabet-ის მსგავს პროდუქტებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ Volkswagen-ი უახლოეს მომავალში კომპანიის ტრანსფორმაციის სტადიაზე აქტიურად გადაერთვება. Cariad-ს კი ამ პროცესში და დღის წესრიგში მნიშვნელოვანი როლი უკავია. დანაყოფის წარმატების პასუხისმგებლობა პირადად აქვს აღებული Volkswagen-ის აღმასრულებელ დირექტორსაც.
ჰერბერტ დისისათვის პროგრამული უზრუნველყოფა მომავლის ბრძოლის ველს წარმოადგენს საავტომობილო ინდუსტრიაში. მისი მოსაზრებით, ეს სწორედ ის დისციპლინა გახლავთ, სადაც ავტომწარმოებელთა კონკურენცია მომავალში გადაინაცვლებს. ამაში კი იგულისხმება ყველაფერი – თვითმართვადი ტექნოლოგიებით დაწყებული, გამართული პროგრამული უზრუნველყოფით დამთავრებული.
ჯერჯერობით გაჟღერებულ ინფორმაციაზე კომენტარი არც ერთ ჩართულ მხარეს არ გაუკეთებია. Cariad -მა, რომელიც ყოველწლიურად Volkswagen-საგან 2.8 მილიარდ აშშ დოლარს იღებს, დამატებითი კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა. საინტერესოა, რომ კომენტარი არ გაუკეთებიათ არც Bosch-ის წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ Volkswagen-ი ევროპაში ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია. მისი გეგმები კი კიდევ უფრო გაფართოებას უკავშირდება. გერმანულ ავტომწარმოებელს აქვს ამბიცია, მომდევნო ათწლეულამდე ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერიც კი გახდეს. როგორც ჩანს, კომპანიის გეგმები და მიზნები მხოლოდ ფურცელზე არ რჩება და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებიც მზადდება.
დატოვე კომენტარი