რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კონგრესში ამერიკელ კანონმდებლებს მიმართა. ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებს დახმარება სთხოვა და ამერიკის ისტორიიდან ისეთი ტრაგედიები გაიხსენა, როგორებიც პერლ ჰარბორი და 11 სექტემბრის ტერაქტი გახლავთ.
„ჩვენ თქვენ ახლა გვჭირდებით“ – განაცხადა მან. კონგრესის წინაშე უკრაინის პრეზიდენტი კიევიდან ონლაინ რეჟიმში ჩაერთო და რუსეთის აგრესიის ფონზე კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარება მოითხოვა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირი მესიჯით ამერიკის პრეზიდენტსაც მიმართა. „თქვენ ხართ თქვენი დიდებული ერის ლიდერი. მე კი ვისურვებდი მსოფლიოს ლიდერი ყოფილიყავით. იყო მსოფლიო ლიდერი, ნიშნავს იყო მშვიდობის ლიდერი“ – მიმართა მან აშშ-ის პრეზიდენტს.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადების აუცილებლობის შესახებ. მან პრეზიდეტ ბაიდენისა და შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების მიმართ მადლიერება გამოთქვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერაა საჭირო. უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-საგან კიდევ ერთხელ მოითხოვა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისათვის მწვანე შუქის ანთება.
სიტყვის ბოლოს, რუსეთის შეჭრის მძიმე შედეგების ამსახველი ვიდეო აჩვენეს, რომელიც შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა: დახურეთ ცა უკრაინის თავზე.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები ჯერჯერობით თავს იკავებს უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადების ინიციატორი იყოს. აშშ-ს ოფიციალური პირების პოზიციით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა რუსეთმა აშშ-ის ომში ჩართვად მიიღოს. ამიტომ, მათი მოსაზრებით, მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასარიდებლად, ფრთხილად მოქმედებაა საჭირო.
დატოვე კომენტარი