Volkswagen-ის მძღოლები ავტომობილებში ინტეგრირებულ ხმოვან ასისტენტ ChatGPT-სთან პირდაპირი დიალოგის წარმართვას შეძლებენ. კომპანიის პირველი ავტომობილები, რომლებიც ChatGPT-ითაა აღჭურვილი, ავტომწარმოებელმა ლას-ვეგასში, ორშაბათს წარადგინა.
ხმოვანი ასისტენტით აღჭურვილი VW-ის ახალი ავტომობილები ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ამ წლის მეორე კვარტალის დასაწყისიდან იქნება. ტემპერატურის მატებით დაწყებული, რომელიც რეაგირებს სიტყვაზე „მცივა“, უახლესი რესტორნის არჩევით დასრულებული, AI-ს რიგი მოთხოვნების ამოცნობა და შესრულება შეუძლია. გარდა ამისა, მძღოლები, ღილაკთან შეხების გარეშე ახლა უკვე ავტომობილების ფუნქციების რეგულირებასაც შეძლებენ.
კრიტიკოსების შეფასებით, ავტომობილებში გენერაციული AI-ის დამატება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ბევრად ჩამორჩება არაერთ მოლოდინს, რომლებიც ინდუსტრიაში ამ დროისთვის ჰქონდათ – მათ შორის სრულად ავტონომიური ავტომობილების გზებზე გამოჩენასთან დაკავშირებით.
Volkswagen-თან ერთად ტექნოლოგიაზე Cerence-ი მუშაობდა. VW-ის განცხადებით, ის პირველი დიდი ავტომწარმოებელია, რომელმაც თავის კომპაქტური სეგმენტის მანქანებში ტექნოლოგია სტანდარტულ ფუნქციად აქცია. თუმცა მსგავსი გეგმები ავტოინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებსაც აქვთ. მათ შორის, General Motors-მა მარტში დააანონსა, რომ, AI-მოდელების გამოყენებით, ვირტუალური პერსონალური ასისტენტის შექმნაზე მუშაობდა.
Mercedes-Benz-მა კი გასულ ივნისში „MBUX“-სისტემით აღჭურვილ დაახლოებით 900,000 მანქანაში სატესტო პროგრამა გაუშვა, რომელიც მომხმარებელს ChatGPT-ის ჩატვირთვის საშუალებას აძლევდა. ChatGPT-ის გამოყენებით მძღოლებს მანქანის მართვის პროცესში კინოს ბილეთებისა და რესტორნების დაჯავშნა შეეძლოთ.