Wagner-ის უარის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი ჩეჩნებმა გააფორმეს

Wagner-ის უარის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი ჩეჩნებმა გააფორმეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი კონტრაქტი ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების ძალებთან, „ახმატის“ დაჯგუფებასთან გაფორმდა. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, Wagner-ის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა.

„მოხალისე შენაერთებთან“ კონტრაქტის გაფორმება რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრძანების ნაწილია, რომლის თანახმადაც უკრაინაში მებრძოლმა ყველა მოხალისეობრივმა დაჯგუფებამ სამინისტროსთან კონტრაქტი უნდა გააფორმოს და უწყების  კონტროლს დაექვემდებაროს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სანაცვლოდ აღნიშნული დაჯგუფებებიც იმავე ბენეფიტებსა და დაზღვევას მიიღებენ, რასაც რეგულარული არმიის სამხედროები. მათ შორის მათი დაჭრის ან დაღუპვის შემთხვევაში ოჯახისათვის გადასაცემ დახმარებასაც.

შეგახსენებთ, რომ ევგენი პრიგოჟინი ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კონკრეტულად მინისტრს სამხედრო შეიარაღების, აღჭურვილობისა და ტყვია-წამლის Wagner-ისათვის არასაკმარისად მიწოდებაში ადანაშაულებს. ამ მიზეზით, პრიგოჟინმა სამინისტროსთან ნებისმიერი სახის კონტრაქტის გაფორმება იუარა.

პარამილიტარისტული დაჯგუფება „ახმატი“ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის პირადი სამხედრო არმიაა. პრიგოჟინისგან განსხვავებით, რამზან კადიროვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ კრიტიკული განცხადებების გავრცელებისაგან თავს იკავებს. დაჯგუფება „ახმატის“ მეთაურის განცხადებით, მათ უკრაინაში ბოლო 15 თვის განმავლობაში ათიათასობით მოხალისე გაგზავნეს.