ჩიპების მწარმოებელმა კომპანია Nvidia-მ, ილონ მასკის ელექტრომობილების ფირმა Tesla-ს გადაასწრო და უოლ-სტრიტის ყველაზე გაყიდვადი აქცია გახდა. Nvidia ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ინვესტორების მხრიდან ინტერესი ხელოვნური ინტელექტის მიმართ კიდევ უფრო იზრდება.
ბოლო 30 სავაჭრო სესიის განმავლობაში საშუალოდ ინვესტორები ყოველდღიურად ყიდულობდნენ და ყიდდნენ Nvidia-ს დაახლოებით $30 მილიარდის ღირებულების აქციებს. ხოლო ამავე პერიოდში, Tesla-ს აქციების ყოველდღიური სავაჭრო აქტივობა საშუალოდ დაახლოებით $22 მილიარდს შეადგენდა.
ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის მონაცემებით, ილონ მასკის ელექტრომობილების კომპანია აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ყოველდღიურ ვაჭრობაში ლიდერის სტატუსს 2020 წლის შემდეგ ინარჩუნებდა. ბოლო წლებში Tesla-ს ბრუნვამ, ანუ ნავაჭრი აქციების მთლიანმა ღირებულებამ, რამდენჯერმე $35 მილიარდსაც მიაღწია.
თუმცა ბევრიც შიშობს, რომ არსებული მაღალი მოლოდინის მიუხედავად, ჩიპების მწარმოებლის შემოსავლებმა შესაძლოა ინვესტორთა პროგნოზები ვერ გაამართლოს და ყოველდღიურ საფონდო ვაჭრობაში ისინი შედარებით დაუცველი გახადოს.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ Nvidia-ს აქციების ფასის ზრდის ტენდენცია – რომელმაც მხოლოდ 2024 წელს 40%-იანი მატება დააფიქსირა – არ არის გამორიცხული საპირისპიროდაც შეიცვალოს, რამაც შესაძლოა ინვესტორები აიძულოს, მათი ინტერესები გადააფასონ. სამშაბათის მონაცემებით, Nvidia-ს აქციების ფასი 5%-ით დაეცა, რამაც ინვესტორთა შიში კიდევ უფრო გაამძაფრა.
Nvidia მაღალგანვითარებული AI-ჩიპების ბაზრის დაახლოებით 80%-ს აკონტროლებს. გასულ კვირას ჩიპების მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაციამ ცალ-ცალკე გადაასწრო Amazon-ისა და Alphabet-ის ღირებულებას და ცოტა ხნით მესამე ყველაზე ძვირად ღირებული ამერიკული კომპანიის სტატუსიც მოიპოვა.