Warner Bros-ი Paramount Global-თან გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

Warner Bros-ი Paramount Global-თან გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ამერიკული კინოსტუდია Warner Bros. Discovery პოტენციური გაერთიანების საკითხზე  Paramount Global-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. წყაროთა ინფორმაციით, მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და შესაძლოა შეთანხმებით არ დასრულდეს.

ცოტა ხნით ადრე, შესაძლო გარიგების თაობაზე Warner Bros. Discovery-ის აღმასრულებელ დირექტორ დევიდ ზასლავსა და Paramount Global-ში მის კოლეგა ბობ ბაკიშს შორის გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია Axios-მა გაავრცელა. ზასლავი Paramount-ის თავმჯდომარე შარი რედსტოუნსაც ესაუბრა, რომლის საოჯახო ფირმაც CBS-ისა და სხვა სატელევიზიო საკუთრებების მფლობელი მედიაკომპანიის საკონტროლო წილის მფლობელია.

ორი მსხვილი მედიაკომპანიის გაერთიანება, დიდი ალბათობით, აშშ-ში ფედერალური მარეგულირებლების ინტენსიური დაკვირვების ობიექტად იქცევა. თუმცა Warner Bros.-ის ხელმძღვანელების განცხადებით, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, რადგან მათი კომპანია არ ფლობს ისეთ სამაუწყებლო ქსელს, როგორიც ამ შემთხვევაში Paramount-ის CBS-ია.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, Paramount-ი აქტიურად ცდილობს კომპანიის არაძირითადი აქტივების გაყიდვას. მაგალითად, ერთწლიანი მცდელობების შემდეგ, Paramount Global-მა წიგნების გამომცემლობა Simon & Schuster-ი გაყიდა. გარდა ამისა, Bloomberg-ის ინფორმაციით, მედიაკომპანია ხელახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს სატელევიზიო ქსელ Black Entertainment-ის გაყიდვის თაობაზე.

ამის საპირისპიროდ კი, გაფართოებისკენ მისწრაფებებით გამოირჩევა Warner Bros.-ის ზასლავი, რომელმაც გასულ წელს ჯერ Discovery-ის საკაბელო ქსელები Scripps-ის არხებთან, შემდეგ კი, გასული წლის აპრილში, $43-მილიარდიანი შეთანხმებით, WarnerMedia და Discovery გააერთიანა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *