მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევის თანახმად, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის მე-19 პოზიციაზეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორიცაა მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.
საქართველოს ქულა, კორუფციის კონტროლის მხრივ, კერძოდ, შეფასების რანგირების 100%-იანი სკალაზე 77.40%-ს გაუტოლდა და 48-ე პოზიცია დაიკავა. აღნიშნულ ინდიკატორში ეს ქვეყნის ისტორიული მაქსიმუმია.
მსოფლიო ბანკის “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები” მსოფლიოს 200 ქვეყანას მმართველობის 6 მიმართულებით აფასებს:
- გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება;
- პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობასთან ბრძოლა;
- მმართველობის ეფექტიანობა;
- რეგულაციების ხარისხი;
- კანონის უზენაესობა;
- კორუფციის კონტროლი.
ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ძლადობასთან ბრძოლის ინდიკატორში აქვს, – 100 სარეიტინგო ქულიდან – 32. გამოხატვის ანგარიშვალდებულების ინდიკატორში საქართველოს ქულა 55-ია. კანონის უზენაესობის ინდიკატორში კი საქართველოს 63 ქულა აქვს.
კიდევ ერთი ინდიკატორი, სადაც საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა, რეგულაციის ხარისხია. საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 81.73%-ი დაიმსახურა, და 2017 წელს მსოფლიოში 38-ე ადგილი დაიკავა.
რეგულაციების ხარისხის ინდიკატორში საქართველო უსწრებს შემდეგ ქვეყნებს: ესპანეთი (42), პორტუგალია (43), პოლონეთი (44), სლოვაკეთი (49), იტალია (52), უნგრეთი (56), ბულგარეთი (57), სლოვენია (58), მაკედონია (60), რუმინეთი (62), ხორვატია (65), სომხეთი (74), საბერძნეთი (77), ყაზახეთი (81), მოლდოვა (95), თურქეთი (89), სერბეთი (93), აზერბაიჯანი (118), უკრაინა (124), რუსეთი (140), ბელორუსია (157) და სხვა.
საქართველო მმართველობის ეფექტიანობის ინდიკატორშიც გაუმჯობესდა. ქვეყანა 72.12 ქულით 59-ე პოზიციაზეა. აღნიშნულ ინდიკატორში გაუმჯობესდა როგორც საქართველოს ქულა, ასევე სარეიტინგო მდგომარეობა.
გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ.).
დატოვე კომენტარი