მსოფლიო ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თხოვნით, კვლევა “სახელმწიფო ხარჯების მიმოხილვა” მოამზადა. კვლევაში მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში, სახელმწიფო ხარჯები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, – ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი სოციალური ხარჯები და მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სახელდება.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი საპენსიო რეფორმის ფონზე სამთავრობო ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, მთავრობა გეგმავს რომ კიდევ უფრო გაზარდოს კაპიტალური დანახარჯები დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე. პარალელურად ხარჯების ზრდისა, ქვეყანაში შემოსავლების ზრდაც მოსალოდნელია, – ამის მიზეზად გადასახადების ე.წ. ესტონური მოდელი სახელდება, რომელიც ძალაში უკვე შესულია. თუმცა, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს რომ 2018-2019 წლებში შემოსავლების კვლავ კლებაა მოსალოდნელი, რამდენადაც მოგების გადასახადის შეღავათები ამ პერიოდში, უკვე ფინანსურ ორგანიზაციებზეც გავრცელდება. რეფორმით კონკრეტულ შედეგებს მსოფლიო ბანკი 2020 წლიდან ელოდება. “ფისკალური რისკების შესამცირებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარებაა საჭირო”, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ მთავრობის ოთხ პუნტიანი გეგმის პარალელურად საბიუჯეტო დეფიციტი შესაძლოა 4%-ზე ზევით იყოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პარალელურად, მთავრობამ დასახა გეგმა რომ 2020 წლამდე საბიუჯეტო დეფიციტი 3%-ზე ჩამოვიდეს. “გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონალური პერსპექტივები კვლავ გაურკვეველია, საბიუჯეტო შემოსავლები და ფისკალური ბალანსი შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს”, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი.
რაც შეეხება ესტონური მოდელით მიღებული დანაკლისის დაკომპენსირებას გადასახადების ზრდით, – მსოფლიო ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გადასახადების ამ ფორმით ზრდა ყველაზე მეტად მოსახლეობის ღარიბ ფენას დაარტყამს.
“მოგების გადასახადის ცვლილება სარგებელს ქვეყნის მდიდარ მოსახლეობას მისცემს; თამბაქოზე, ალოჰოლზე და საწვავზე გაზრდილი ფასები კი ღარიბ მოსახლეობას დააზარალებს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ საწვავის ფასის ზრდა იწვევს სხვა პროდუქციის და სერვისების ფასების ზრდას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
მსოფლიო ბანკი მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტს საქართველოსა და ესტონეთში ერთმანეთს ადარებს და აღნიშნავს, რომ შედეგი საქართველოსთვის განსხვავებული იქნება, რამდენადაც რეფორმით საქართველოსთვის ფისკალური რისკი მეტად გაიზრდება. კერძოდ, – მსოფლიო ბანკი მიიჩნევს რომ საქართველოს გადასახადების ე.წ. ესტონური მოდელით მეტ შემოსავალს დაკარგავს, ამის მიზეზად კი ის ფაქტი სახელდება, რომ ესტონეთში საგადასახადო შემოსავლები უფრო მაღალი იყო რეფორმის იმპლემენტაციამდე, ვიდრე ეს საქართველოშია. ამასთან, კორპორაციული გადასახადი მთლიან საგადასახადო შეოსავლებში საქართველოში ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ესტონეთში.
დატოვე კომენტარი