მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის იქნება მზად. ამის შესახებ იმედი თავად WHO-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა გამოთქვა.
“ჩვენ დაგვჭირდება ვაქცინები და არის იმედი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვქონდეს ვაქცინა. იმედი არის“, – დასძინა მან.
ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის უფროსი მკვლევარის ამეშ ადალიას თქმით, ის რომ წლის ბოლოსთვის მზად იქნება ვაქცინა, ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა იყოს რაღაც რაოდენობის ვაქცინა, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველა ქვეყნის ლიდერს სოლიდარობისა და პოლიტიკური წვლილისთვის, რათა ვაქცინის დისტრიბუცია სამართლიანად განხორციელდეს.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ვაქცინის ცხრა კანდიდატია, რომლებიც ტესტირების სხვადასხვა ეტაპზე არიან. WHO-ს გლობალური ვაქცინის ინიციატივის ფარგლებში 2021 წლისთვის მსოფლიოში 2 მილიარდი დოზა ვაქცინის დისტრიბუცია იგეგმება.
ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივას 172 ქვეყანა შეუერთდა, თუმცა, მათ შორის არ არიან აშშ-ი, რუსეთი და ჩინეთი. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ამ ინიციატივაში მონაწილეობის ნაცვლად, ვაშინგტონი ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანიებთან ქვეყანაში ვაქცინის მარაგის უზრუნველყოფისთვის.
დატოვე კომენტარი