მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მთავრობებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულმა საგანგებო მდგომარეობებმა, შესაძლოა, ბიზნესები გაანადგუროს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
WHO-ს წარმომადგენელი დავიდ ნაბარო აცხადებს, რომ ორგანიზაცია მხარს არ უჭერს საგანგებო მდგომარეობის დაწესებას, როგორც ვირუსზე კონტროლის ძირითად საშუალებას. ის აღნიშნავს, რომ აკრძალვების დაწესება გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს.
“საგანგებო მდგომარეობები ნეგატიურ გავლენას ახდენს მოწყვლად ჯგუფებზე, განსაკუთრებით კი, ღარიბ ადამიანებზე და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებს მათ“, – განაცხადა ნაბარომ.
WHO-ს წარმომადგენელი, ასევე, აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და აკრძალვები მძიმედ მოქმედებს იმ ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკაც ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ WHO-ს ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი ქვეყნის მთავრობებს ეკონომიკის და სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს. “ჩვენ უნდა მოვახერხოთ ვირუსის კონტროლი მთლიანი დახურვის გარეშე და ისე, რომ ამან ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონიოს“, – განაცხადა გებრეისუსმა.
დატოვე კომენტარი