მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) პროგნოზით, მომდევნო ხუთ წელიწადში გლობალური ტემპერატურა რეკორდულ დონემდე აიწევს და პირველად, მატება კრიტიკულ ზღვარს – 1.5°C გადააჭარბებს. WMO-ის გაფრთხილებით, გლობალური ტემპერატურის ზრდა დამღუპველ გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე, საკვებისა და წყლის უსაფრთხოებასა და გარემოზე მოახდენს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, 2027 წლისთვის, ერთხელ მაინც, 66%-იანი შანსი არსებობს, რომ გლობალური ტემპერატურული მატება, პრეისტორიულ დონესთან შედარებით, კრიტიკულ, 1.5°C-იან მაჩვენებელს გადალახავს. ცნობისთვის, აღნიშნული კრიტიკული მაჩვენებლისთვის კაცობრიობას ჯერჯერობით არც ერთხელ არ მიუღწევია. WMO-ის მონაცემებით, 1.5°C-იანი ლიმიტის დროებით გადალახვის შანსები მხოლოდ 2017-დან 2021 წლამდე ნულიდან 10%-მდე გაიზარდა.
პროგნოზი ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც სააგენტოს, პროცენტულად, უფრო მეტად სჯერა, რომ დათბობა გარდაუვალია, ვიდრე სხვა შემთხვევებში, როდესაც 2022-2026 წლებში 1.5°C-იანი ზღვრის მიღწევის ალბათობა 50%-50%-ზე იყო ნავარაუდები. ექსპერტთა მტკიცებით, გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შეზღუდვა კლიმატური ცვლილებების დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია. სწორედ ამ მიზნით, მსოფლიოს ქვეყნებმა პარიზის ისტორიულ კლიმატურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
თუმცა, WMO-ის გენერალური მდივანი, პეტერი ტაალასი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთი ან რამდენიმე წლის განმავლობაში 1.5°C-იანი მატების დაფიქსირება პარიზის ლიმიტის სამუდამოდ დარღვევას სულაც არ ნიშნავს. მიუხედავად ამისა, სააგენტოს აზრით, ლიმიტის დროებითი და „მზარდი სიხშირით“ დარღვევა მაინც საგანგაშოა.