ინოვაციური ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების მოპოვებისათვის ხელშემწყობი გარემოდან გამომდინარე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული, – ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში, კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი: ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონის 2018 წლის ეკონომიკური ანგარიში.
“ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა პიკს აღწევს: 2017 წელს – 2,7%, ხოლო პროგნოზი 2018 წლისთვის – 2,3 პროცენტია. რეგიონის ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო, სწორედ ახალი ციფრული ტექნოლოგიებით უნდა ისარგებლონ, რათა მომსახურება გააუმჯობესონ და უფრო ინოვაციური გახადონ”, – ვკითხულობთ კვლევაში.
ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში კრიპტოვალუტის მესამე უდიდესი მომპოვებელია და წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელი კომპანიის სამშობლოს.
“საქართველოში შინამეურნეობის დაახლოებით 5 პროცენტი ჩართულია კრიპტოვალუტის მოპოვებაში ან ინვესტირებაში”, – ნათქვამია კვლევაში.
“ევროპის და ცენტრალური აზიის ბევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს კრიპტოვალუტისა და ბლოქჩეინ ტექნოლოგიების განვითარებისთვის”, – აცხადებს ჰანს ტიმერი მსოფლიო ბანკის მტავარი ეკონომისტი.
“მაგალითად საქართველოში, კრიპტოვალუტის მოპოვება გასაოცრად ფართოდ არის გავრცელებული, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია საგადასახადო შეღავათებით და ელეტროენერგიის დაბალი ფასით. დროთა განმავლობაში მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური ზედამხედველობის და მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – ამბობს ტიმერი.
ანგარიშის მიხედვით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე ეკონომიკური ზრდა უსწრაფესია ათწლეულში. თუმცა შემცირებული უმუშევრობა და მზარდი ინფლაცია მიუთითებენ, რომ ზრდა გარკვეულწილად შეაფერხებს რეგიონში წინსვლას.
დატოვე კომენტარი