WSJ: აქციების გაყიდვით, OpenAI-ს $90-მილიარდიანი ღირებულების მიღწევა სურს

WSJ: აქციების გაყიდვით, OpenAI-ს $90-მილიარდიანი ღირებულების მიღწევა სურს

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, OpenAI ინვესტორებთან აქციების პოტენციურ გაყიდვას განიხილავს, რის შედეგადაც, სტარტაპის ღირებულება შესაძლოა $80-დან $90-მილიარდამდე გაიზარდოს. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ChatGPT-ის შემქმნელი AI-სტარტაპის ღირებულება, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, თითქმის სამჯერ მეტი იქნება.

WSJ-ის ცნობით, შეთანხმება თანამშრომლებს მათი აქციების გაყიდვის საშუალებას მისცემს, ნაცვლად იმისა, რომ კომპანიამ, ახალი კაპიტალის მოსაზიდად, აქციები დამატებით გამოუშვას. არსებული გარიგებით OpenAI-მ ინვესტორების მოზიდვა უკვე დაიწყო, თუმცა პირობები შესაძლოა კიდევ შეიცვალოს. მინიმუმ $80-მილიარდიანი შეფასების მიღწევის შემთხვევაში, OpenAI მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი გახდება.

შეგახსენებთ, რომ სემ ალტმანის მიერ დაარსებულ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპში $13 მილიარდის ინვესტიცია Microsoft Corp-მა განახორციელა. Bloomberg-ის ინფორმაციით, OpenAI ყოველთვიურად საშუალოდ $80 მილიონს გამოიმუშავებს. სხვადასხვა კომპანიის მიერ ChatGPT-ის ათვისებასთან ერთად კი, უახლოეს მომავალში, AI-სტარტაპის წლიურმა შემოსავალმა შესაძლოა $1 მილიარდს გადააჭარბოს.

ცნობისთვის, OpenAI-მ ჩატბოტის ბიზნესვერსია ChatGPT Enterprise-ი გაუშვა, რომელიც უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის გაუმჯობესებული ფუნქციებითაა აღჭურვილი. კომპანიის განცხადებით, ChatGPT-ის ამოქმედებიდან სულ რაღაც ცხრა თვეში, Fortune 500-ში შემავალი კომპანიების 80% მათ ჩატბოტს იყენებს.