„ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნები უდავოდ მიიღებენ სარგებელს მისი სრული და სწრაფი განხორციელების შედეგად”, – ამბობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილე. ი ქსიოჟუნი ი სიაოჭუნი ამბობს, რომ სარტყელისა და გზის ინიციატივის სრულად განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება შეიქმნას მყისიერი კავშირები წარმოებასა და გასაღებას შორის, ასევე, ინკლუზიური ვაჭრობა და უფრო ძლიერი კავშირები აზიასა და ევროპას შორის.
თქვენი აზრით რა იქნება ის ძირითადი სარგებელი, რომელსაც ახალი აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნები მიიღებენ?
17-მა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ შეუერთდეს ამ ინიციატივას. ამჯერად აქცენტი კეთდება ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები საბოლოოდ ხელს უწყობს მხარეებს შორის ვაჭრობას. უძველეს დროში, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც პირველი აბრეშუმის გზა ფუნქციონირებდა, მოვაჭრეებს დღეში 11 მილის გავლა შეეძლოთ. მათ ხშირად წელიწადიც კი სჭირდებოდათ, რათა საკუთარი პროდუქცია სასურველ ადგილამდე მიეტანათ. ახლა კი ვხედავთ რომ საქართველო ჩინეთიდან სულ რაღაც 10 დღის დაშორებაზეა. საქართველოდან ევროპის ნებისმიერ წერტილამდე კი ტვირთის მიტანა 3-4 დღეში შეგიძლიათ. თანამედროვე ვაჭრობაში დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
თქვენ ახსენეთ რომ საქართველო ჩინეთიდან 10 დღის მანძილზეა, თქვენი აზრით რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ეკონომიკისთვის, – გაზარდოს წარმოება თუ გახდეს ჰაბი რეგიონალური ვაჭრობისთვის და გაზარდოს სატრანზიტო ფუნქცია?
ვფიქრობ საქართველომ სწორი გზა აირჩია. საქართველოს სავაჭრო რეჟიმი ღიაა, გადასახადები კი მსოფლიოში ყველაზე დაბალი. არაერთი ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული. ყველა ეს ქმედება კი ქვეყანას მეტ უცხოურ ინვესტიციას მოუტანს. ყველამ ვიცით რომ უცხოურ ინვესტიციებს მოაქვს ტექნოლოგია და ინოვაცია ქვეყანაში. მჯერა რომ საქართველო გახდება მაგალითი ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის.
საქართველოში არაერთხელ გაჟღერდა, რომ ძალაში უნდა შევიდეს ანტიდემპინგური კანონმდებლობა. როგორ მუშაობს ეს კანონი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში და იყო თუ არა WTO-ს რჩევა ამ კანონის შექმნა?
მსგავსი კანონი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანაში არ მუშაობს. ბევრ განვითარებულ ქვეყანას არ აქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა. თქვენ არ უნდა იფიქროთ რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ სავაჭრო მოცულობა გაგეზრდებათ ან დაიცავთ ინდუსტრიას. ხანდახან მსგავსი სავაჭრო ინსტრუმენტები საჭიროა, მაგრამ მე ვერ დაგისახელებთ ვერცერთ ჩვენ წევრ ქვეყანას რომელმაც გაზარდა სავაჭრო მოცულობა ანტიდემპინგური კანონმდებლობის დახმარებით.
მაშინ რისთვის და კონკრეტულად ვისთვისაა საჭირო ეს კანინი?
ანტიდემპინგური კანონმდებლობა საჭიროა იმისთვის რომ მწარმოებლები დემპინგისგან დაიცვას. თუმცა მაინც ვთვლი რომ უფრო მნიშვნელოვანია გაზარდოთ კონკურენტუნარიანობა, იმისთვის რომ გაუმკლავდეთ და გადარჩეთ სავაჭრო შეჯიბრებაში. ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ არის აუცილებლობა. ის არ არის გარანტია იმისთვის რომ წარმოების მოცულობას გაზრდით.
საქართველო მუშაობს ექსპორტიორების წახალისების ახალ მექანიზმზე. კერძოდ იქმნება ექსპორტის სადაზღვევო სააგენტო, რომელიც მწარმოებლებს სხვადასხვა ბაზრებზე არსებულ რისკებს დაუზღვევს. თქვენი აზრით თუ შეუწყობს ის ხელს ვაჭრობის მოცულობის გაზრდას?
ბევრ ქვეყანაში არის სადაზღვევო კომპანიები, რომელებიც მაგალითად აზღვევენ გაცვლითი კურსის დანაკარგებს. თუმცა, არ ვთვლი რომ მათ უნდა დააზღვიონ კომპანიები იმისთვის რომ რომ გაიმარჯვონ სავაჭრო შეჯიბრში. ეს არ იქნება გარანტია რომ თქვენი ექსპორტიორები გაიმარჯვებენ ან უფრო კონკურენტულები გახდებიან.
რაც შეეხება თავისუფალ სავაჭრო ზონებს, რომელსაც საქართველო უკვე რამოდენიმე წელია ავითარებს, როგორ უნდა მოხდეს მათი სწორედ ოპერირება?
თავისუფალი სავაჭრო ზონები არაერთ ქვეყანაში დიდი ხნის წინ შეიქმნა, თუმცა განვითარებადი ქვეყნები უფრო მეტად იყენებენ მას იმისთვის რომ გაზარდონ წარმოება. ზოგ ქვეყანაში თავისუფალმა სავაჭრო ზონებმა დიდ წარმატებას მიაღწია, რადგან განვითარებად ქვეყნებში არ არის საკმარისი რესურსი იმისთვის რომ სრულად მოხდეს მხარდაჭერა ინვესტიციების. გვაქვს წარმატებული მაგალითები, თუმცა ყველა ქვეყანაში არა. თქვენ საკმაოდ კოორდინირებული პოლიტიკა გჭირდებათ წარმატებისთვის.
ინრასტრუქტურა ახსენეთ რამოდენიმეჯერ. შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს ინფრასტრუქტურაა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მთავარი გამოწვევა? თუნდაც საქართველოს დერეფნის ჭრილში, რადგან ჩვენ ვიცით რომ სხვა არაერთი გზაც არსებობს ევროპასა და აზიას შორის.
გეთანხმებით – აზიასა და ევროპას შორის რამოდენიმე მარშრუტია, თუმცა საქართველოს აქვს უპირატესბები, – ეს არის კარგი ადგილმდებარეობა, პორტი, ასევე გაქვთ სტაბილური და ღია სავაჭრო და საინვესტიციო გარემო, – ეს ფაქტორები ბევრს ნიშნავს კონკრეტული მარშრუტის არჩევისას. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვთვლი რომ საქართველოს აქვს შესაძლოებლობა იყოს მთავარი დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. უნდა აღინიშნოს გადასახადების სიმცირეც, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები გაქვთ მსოფლიოში. ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ნამდვილად არის გარანტია, რომ მეწარმეს ექნება წვდომა მილიარდობით მომხმარებელთან.
დატოვე კომენტარი