X-ის 2023 წლის სარეკლამო შემოსავალი $2.5 მილიარდით შემცირდება - Bloomberg

X-ის 2023 წლის სარეკლამო შემოსავალი $2.5 მილიარდით შემცირდება - Bloomberg

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის სოციალური მედიაპლატფორმა X-ის სარეკლამო შემოსავალი 2023 წელს $2.5 მილიარდით შემცირდება. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ X-ზე საკუთარი რეკლამის განთავსება შეწყვიტა, რისი მიზეზიც კომპანიის მფლობელის მიერ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ გამოთქმული განცხადებები გახდა.

X-ის ბიზნესოპერაციების ხელმძღვანელი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ Bloomberg-ის მონაცემები არაზუსტია და არ ასახავს რეალურ ინფორმაციას ბიზნესის შესახებ.

LSEG-ის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალიდან 2022 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით, X-ის სარეკლამო შემოსავალმა $4.7 მილიარდი შეადგინა. Bloomberg-ის მონაცემებით, 2023 წლის თითოეულ კვარტალში X-მა რეკლამით $600 მილიონის შემოსავალი მიიღო. Reuters-ის ინფორმაციით კი, ილონ მასკის მიერ X-ის დაუფლების შემდეგ, კომპანიის სარეკლამო შემოსავლები 55%-ით შემცირდა.

ცნობისათვის, სარეკლამო გაყიდვები X-ის მთლიანი შემოსავლების 70-75%-ს შეადგენს. აღმასრულებლები 2023 წლის დასაწყისში რეკლამებისა და გამოწერების სერვისისაგან $3 მილიარდის მოცულობის შემოსავლის მიღებას გეგმავდნენ.