Xiaomi-ის პირველი EV-მოდელი ბაზარზე მიმდინარე თვეში ჩაეშვება

Xiaomi-ის პირველი EV-მოდელი ბაზარზე მიმდინარე თვეში ჩაეშვება

ჩინური კომპანია Xiaomi-ის პირველი ელექტრომობილი – მოდელი Speed ​​​​Ultra 7 (SU7) – მსოფლიოში ავტომობილების უდიდეს ბაზარზე მიმდინარე თვეში ჩაეშვება. ჩინეთში სმარტფონების მეხუთე უმსხვილესი მწარმოებლის განცხადებით, შეკვეთებს, 29 ქალაქის მასშტაბით, ჯამში 59 მაღაზია მიიღებს.

ბაზარზე ახალი ავტომობილის გაშვების ოფიციალური ღონისძიება სავარაუდოდ 28 მარტს იგეგმება. ამავე ღონისძიებაზე კომპანია SU7-ის შესახებ ისეთ დეტალებს გაამხელს, როგორიცაა მოდელის ფასი და სხვა სპეციფიკაციები. დეკემბერში, SU7 სედანის წარდგენისას, Xiaomi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ძუნმა განაცხადა, რომ კომპანიას წამყვან ავტომწარმოებლად გადაქცევისა და მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში თავის დამკვიდრების ამბიციები აქვს.

ლეი ძუნის განცხადებით, მათი კომპანიის მიერ წარდგენილ სედანს, სახელწოდებით SU7-ს (SU შემოკლებით, SU Speed Ultra), „სუპერელექტროძრავის“ ტექნოლოგია აქვს. ტექნოლოგია ავტომობილს იმაზე სწრაფი აჩქარებით უზრუნველყოფს, ვიდრე Tesla-სა და Porsche-ს ელექტრომობილებს აქვთ.

დილის ვაჭრობაში, Xiaomi-ის აქციები 7%-ით გაიზარდა. იანვარ-თებერვალში ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვები 18%-ით გაიზარდა, ხოლო სრულად 2023 წლის განმავლობაში, ზრდამ 21% შეადგინა. მომხმარებლის მხრიდან შიდა მოთხოვნის შესუსტების ფონზე, ამ წელს ფასების მკვეთრი ვარდნაც დაფიქსირდა, ფასები განსაკუთრებით ბაზრის ლიდერმა – BYD-მა შეამცირა.

Xiaomi-ის მანქანებს სახელმწიფო ავტომწარმოებელი BAIC Group-ი აწარმოებს. პეკინში მდებარე ქარხანაში წლიურად 200,000 ავტომობილის დამზადებაა შესაძლებელი. მომავალი ათწლეულის განმავლობაში Xiaomi ავტომობილების მიმართულებით $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.