ჩინური კომპანია Xiaomi ახალ სმარტფონს, Xiaomi 12-ს 28 დეკემბერს გამოუშვებს. ტექნოლოგიური გიგანტი მას საზოგადოებას ღონისძიებაზე წარუდგენს, რომელიც ამავე დღეს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე დაიწყება. წინასწარი ცნობით, წარმოდგენილი სმარტფონი ჩინური ბაზრისთვის იქნება გათვლილი, მობილური მოწყობილობის საერთაშორისო ვერსია კი 2022 წლის დასაწყისში გამოვა.
Xiaomi-მ ახალი სმარტფონის გამოშვების თარიღი სოციალურ ქსელ Weibo-ს დახმარებით დააანონსა და ღონისძიებისადმი მიძღვნილი პლაკატი გამოაქვეყნა, რომელზეც ჩინელი სპრინტერი, სუ ბინგტიანია გამოსახული.
Xiaomi 12 and 12 Pro coming pic.twitter.com/HRCYuamab9
— Ice universe (@UniverseIce) December 21, 2021
კომპანიაში არ დაუკონკრეტებიათ, ზუსტად რამდენ მობილურ მოწყობილობას წარმოადგენენ ღონისძიებაზე, თუმცა, როგორც ცნობილია, Xiaomi 12-ის სერია საერთო ჯამში ოთხ სმარტფონს გააერთიანებს: Xiaomi 12-ს, Xiaomi 12X-ს, Xiaomi 12 Pro-სა და Xiaomi 12 Ultra-ს.
Xiaomi-მ უკვე დაადასტურა, რომ Xiaomi 12 და Xiaomi 12 Pro კომპანია Qualcomm-ის მიერ ახლახან გამოშვებული პროცესორით Snapdragon 8 Gen 1-ით იქნებიან აღჭურვილნი. ასევე ცნობილია, რომ Xiaomi 12X-ს წინამორბედის, Mi 11X-ის მსგავსად პროცესორი Snapdragon 870 ექნება.
სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც კომპანიაში ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, Xiaomi 12-ის უკანა კორპუსზე სამ კამერას, მათ შორის 50-მეგაპიქსელიან სენსორს უნდა ველოდოთ. ამას გარდა, ვარაუდობენ, რომ სმარტფონს FHD+ ეკრანი ექნება, მისი ელემენტის ტევადობა კი, დიდი ალბათობით, 5,000mAh-ის შეადგენს.
დატოვე კომენტარი