YouTube-მა პრორუსი სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში გამოყენებული ანგარიშები დახურა. სეპარატისტებთან დაკავშირებული რამდენიმე არხი მიუწვდომელი YouTube-ის საზოგადოებრივი წესების დარღვევის გამო გახდა.
Euronews-თან გაკეთებულ განცხადებაში, Google-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ YouTube-ი შესაბამისობაშია ყველა მოქმედ სანქციასა და სავაჭრო კანონმდებლობასთან, მათ შორის შეზღუდული ერთეულების მიერ შექმნილ და ატვირთულ კონტენტთან მიმართებით. შესაბამისად, მომსახურების პირობების ან საზოგადოებრივი წესდების დარღვევის შემთხვევაში (Terms of Service or Community Guidelines), ნებისმიერი ანგარიში უქმდება.
პლატფორმის მიერ დახურულ ანგარიშებშია ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც თვითგამოცხადებული ლუგანსკის ტერიტორიის საინფორმაციო ვებსაიტს წარმოადგენს. ასევე გაუქმდა რამდენიმე სხვა სეპარატისტული არხი, მათ შორის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „სახალხო მილიცია“ და საინფორმაციო სამინისტრო.
YouTube-ის მიერ წაშლილი არხების ინფორმაციით, პლატფორმაზე მათი ანგარიშები წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიხურა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი რეგულარულად ადანაშაულებს მსოფლიოს წამყვან სოციალურ ქსელებს, მათ შორის Facebook-ს, Google-სა და YouTube-ს რუსეთის კანონმდებლობის დარღვევასა და აკრძალული კონტენტის წაუშლელობის გამო.
დატოვე კომენტარი