2017 წლის ივლისში ერთი ბარელი (159 ლიტრი) ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 44 დოლარი იყო. მას შემდეგ 47%-ით გაძვირდა და დღეს ერთი ბარელი ნავთობი 64.5 დოლარი ღირს. 64.5 დოლარი ბოლო ორნახევარი წლის მაქსიმალური ფასია.
ნავთობის ფასის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს. ამაღლდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი, რაც ნავთობზე მოთხოვნას და შესაბამისად ფასს ზრდის, რადგან მოთხოვნის ზრდის შესაბამისად არ იზრდება მიწოდება, რომელიც მნიშვნელოვანწილად ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) მიერ არის დარეგულირებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზამთრის თვეებში ნავთობზე მოთხოვნა ზოგადად მატულობს. ამ ფონზე OPEC გეგმავს, რომ 2018 წლის განმავლობაში ყოველდღიური მიწოდება 1.8 მილიარდი ბარელით შეამციროს.
ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია ირანში გართულებული პოლიტიკური სიტუაცია, რომელმაც შესაძლოა ნავთობის მიწოდებას პრობლემები შეუქმნას. ამასთან ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებები ირანზე კვლავ სანქციების დაწესების შესახებ, ზრდის ნავთობის ფასის ზრდის მოლოდინს. სანქციების დაწესების შემთხვევაში, ირანიდან ნავთობის მოწოდება დღეში 500 000 ბარელით შემცირდება.
ამასთან, ლიბიაში ააფეთქეს ნავთობის მიმწოდებელი მილი, რომლის დღიური გამტარიანობა 70 000 ბარელია. ნავთობის მოპოვება შემცირდა ვენესუელაში, სადაც ეკონომიკური კრიზისია.
დატოვე კომენტარი